ავტოსპორტი

2:10 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1 რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს

ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ დიდი პრიზების ცირკი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს. რუსეთის დიდი პრიზი ქალაქ სოჭში ტარდებოდა, მაგრამ მომავალი სეზონიდან სანკტ პეტერბურგში უნდა გადასულიყო.

მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ფორმულა 1-მა რუსული რბოლა კალენდრიდან დაუყოვნებლივ ამოიღო. დღეს კი დომენიკალი ამბობს, რომ ფ1-ს რუსეთში დაბრუნების სურვილი არ აქვს.

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ არასდროს თქვა არასდროს. მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. მე შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ მათთან მოლაპარაკებასაც აღარ გავმართავთ. რუსეთში რბოლა აღარ იქნება“, - ამბობს დომენიკალი.

რუსეთის დიდი პრიზის პრომოუტერ „როსგონკის“ მთავარი აღმასრულებელი ალექსეი ტიტოვი ამბობს, რომ ფორმულა 1-მა მის კომპანიას უნდა გადაუხადოს ის თანხა, რაც რბოლის ჩატარების ლიცენზიისთვის არის გადახდილი. უფრო მეტიც, ის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ეს თანხა ფ1-ს დარჩეს, რათა მომავალში რუსეთში რბოლები დაბრუნდეს.

„დღეს სპორტი ძალიან პოლიტიზებულია. დომენიკალის სიტყვები ამას მოწმობს. რაც მან თქვა, არის პოლიტიკური კონონაცია, რასაც საერთო არაფერი აქვს სპორტის რეალურ სულისკვეთებასთან. ამჟამად ჩვენი მომავალი ურთიერთობა ბუნდოვანია. მომავლისთვის დომენიკალის სიტყვებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - ამბობს ტიტოვი.

სოჭში რბოლა 2014 წლიდან ტარდებოდა და ოლიმპიურ ტრეკზე ყველა რბოლა მხოლოდ „მერსედესს“ აქვს მოგებული.

0.116228