ბრატისლავის „სლოვანის“ მცველმა გურამ კაშიამ კონფერენს ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი წინ, რომელშიც „ჟრინსკისთან“ გამართავენ, კომენტარი გააკეთა. როგორც კაშიამ აღნიშნა, მათი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე თამაშია და გამარჯვების სჯერა.
„ჟრინსკისთან“ კარგად არ გვითამაშია, მაგრამ „ჟილინასთან“ გამარჯვებამ გუნდს უკეთესი განწყობა შეუქმნა. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ბოლო ორი თამაშის კარგსა და ცუდზე არ ვფიქრობთ, რადგან ეს უკვე წარსულია. ჩვენ მხოლოდ ხუთშაბათის თამაშზე ვართ კონცენტრირებული.
ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო, რომლის განმავლობაში შეგვიძლია ტაქტიკურად მოვემზადოთ. ვფიქრობ, პირველ მატჩში აგრესიულობა გვაკლდა. კონცენტრაცია და გამარჯვების რწმენა მნიშვნელოვანი იქნება. შედეგი გვჭირდება, მინიმუმ ორი ბურთით მოგება. ადვილი არ იქნება, „ჟრინსკი“ იბრძოლებს და კარგ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ მაინც ყველაფერი ჩვენს ხელშია. რამდენიმე თამაშში დავამტკიცეთ, რომ ძალიან კარგად თამაში შეგვიძლია. ბევრად უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ, მჯერა, რომ გულშემატკივრებიც დაგვეხმარებიან, რომელთა გახარება გვინდა.
ვფიქრობ, სახლში განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე სტუმრად. „ჟრინსკიმ“ იქ ძალიან კარგად ითამაშა, თავისი სპეციფიკური გარემო გამოიყენა. ჩვენ, როგორც წესი შინ კარგად ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ევროთასებზე სახლში ჯერ არ მოგვიგია. ჩვენ გვინდა ეს შევცვალოთ.
პლეი-ოფში ვართ, სადაც იოლ მეტოქეს ვერ ვიპოვით. ევროპაში თამაში ყოველთვის რთულია. წინა ეტაპებზე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მჯერა, ახლა წარმატებას მივაღწევთ. კლუბს, ფეხბურთელებს და ქალაქს სურს ევროპული ფეხბურთი, რაც ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაციაა“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, „სლოვანისა“ და „ჟრინსკის“ საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება. პირველი მატჩები სლოვაკებმა სტუმრად 0:1 წააგეს.