ფეხბურთი

1:01 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდა" ჩემპიონთა ლიგას დრამატულად გამოეთიშა
"ბენფიკა", "პლზენი" და "მაკაბი" ჯგუფში ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ჰაიფას „მაკაბისთან“ დრამატულად დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში).

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ისრაელში სერბები იგებდნენ და მერე გაანიავეს უპირატესობა, შედეგად 2:3 წააგეს და შინ მოუწიათ სიტუაციის გამოსწორება. დეიან სტანკოვიჩის გუნდმა შინ პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარა, დიდ უპირატესობას ფლობდა და 2:0-იც დაწინაურდა, მაგრამ 45-ე წუთზე მომხდარმა ყველაფერი შეცვალა. „ცრვენა ზვეზდას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მეკარემ მოიგერია და გმირად იქცა, მაგრამ რამდენიმე წამში უკვე ანტიგმირი იყო, რადგან შორი მანძილიდან ისეთი გოლი გაუშვა, რომელიც არ უნდა გაეშვა და „მაკაბიმ“ სხვაობა შეამცირა, ორი მატჩის ჯამში კი წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში სერბებს არაფერი გამოსდიოდათ, ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როცა 90-ე წუთზე უწყინარ სიტუაციაში „ცრვენა ზვეზდას“ თავდამსხმელმა მილან პავკოვმა ავტოგოლი გაიტანა! შედეგად, ფრე 2:2, ორი მატჩის ჯამში კი „მაკაბიმ“ 5:4 მოიგო და 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. სერბების რიგებში არ უთამაშია ირაკლი აზაროვს, რომელსაც არ ჰქონდა ამის უფლება, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმში“ ითამაშა. ქართველი მცველის კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც აზაროვს უკვე თამაშის უფლება ექნება.

წააგო ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღიც“ და ევროპა ლიგის ჯგუფით დაკმაყოფილება მოუწევს. აზერბაიჯანული გუნდი ჩეხეთში „პლზენთან“ იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა. ვინაიდან პირველი მატჩი უგოლოდ იყო დასრულებული, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „პლზენი“ გავიდა. ლუკა გუგეშაშვილი თადარიგში იყო, თუმცა მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მაინც მიიღო.

პრობლემების გარეშე მოხვდა ჯგუფში ლისაბონის „ბენფიკა“, რომელმაც ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ თამაშში გადაწყვიტა, როცა კიევის „დინამოს“ სტუმრად 2:0 აჯობა. „და ლუჟზე“ პორტუგალიელებმა 3:0 იმარჯვეს და ჯგუფში ითამაშებენ, ხოლო უკრაინელები ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ.

ოთხშაბათს პლეი-ოფის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვევა, ხოლო 25 აგვისტოს წილისყრა შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132077