„რომას“ ფეხბურთელი ნიკოლო ძანიოლო მძიმე ტრავმას გადაურჩა. იტალიელმა ფეხბურთელმა მხარი „კრემონეზესთან“ მატჩში ლუკა ლოჩოშვილთან შეჯახებისას მიიღო, თუმცა, ქართველ მცველს ამაში ბრალი არ მიუძღვის.
ძანიოლო მეკარესთან პირისპირ დარჩენას ცდილობდა, როცა მას ლოჩოშვილმა ვარდნა გაუკეთა და ბურთი სუფთად წაართვა, მაგრამ ნიკოლო ცუდად დაეცა და მხარი იტკინა. ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ მოედანზე სამ კვირაში დაბრუნდება.
„ყველა ბუს, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ რაღაც მძიმე იყო, ვეტყვი, რომ სამ კვირაში შევხვდებით“, - დაწერა ნიკოლომ ინსტაგრამში.
იტალიელ ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება ლოჩოშვილმაც უსურვა: „უიღბლო ინციდენტი. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ“, - წერს ქართველი სოციალურ ქსელში და ძანიოლო ჰყავს მონიშნული.
შეგახსენებთ, „რომამ“ „კრემონეზე“ 1:0 დაამარცხა. ლუკა ლოჩოშვილმა კი სერია A-ში სადებიუტო მატჩში მოედანზე 84 წუთი გაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.