ჩოგბურთი

3:21 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარსია კვალიფიკაციიდან ცინცინატის ღიას ჩემპიონი გახდა

ფრანგი კაროლინ გარსია გახდა პირველი ქალი ჩოგბურთელი, ვინც WTA 1000-ის სერიის ტურნირზე ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა, შემდეგ კი ტურნრიც მოიგო. ფინალში მან ჩეხ პეტრა კვიტოვას 6-2, 6-4 მოუგო.

საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, გარსიამ ფინალამდე ტოპ ათეულის სამ ჩოგბურთელს - ბერძენ მარია საკარის, ბელარუს არინა საბალენკას და ამერიკელ ჯესიკა პეგულას მოუგო. ფინალში კი უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს მასტერ კლასი ჩაუტარა.

28 წლის გარსია WTA-ს მიმდინარე ტურზე, ლიდერია მოწოდებული ეისებით და მეორეა მოგერიებული ბრეიკ პოინტებით. მიმდინარე სეზონში მან უკვე მესამე ტიტული მოიპოვა. ფინლში მან რვავე ბრეიკ პოინტი მოიგერია და მეტოქე 11 ეისით დაბომბა.

ტერფის ტრავმის მოშუშების შემდეგ, გარსია კორტს მაისში დაუბრუნდა და სამ თვეში, უკვე სამივე სახის საფარზე შეძლო ტურნირების მოგება. ჯერ თიხნარზე ვარშავაში გაიმარჯვა, სადაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი დაამარცხა, მერე ბალახზე ბად ჰომბურგში გაიმარჯვა და ჰარდზე - ცინცინატიში.

გარსიას პირველ ბრეიკში ხელი კვიტოვამ შეუწყო, ვინც ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. ჩეხმა ნახევარფინალიც მსგავსად დაიწყო - პირველივე გეიმში სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მაგრამ მაინც შეძლო ამერიკელი მედისონ კის დამარცხება. მაგრამ იგივეს გამეორების საშუალება გარსიამ არ მისცა.

ფრანგმა მეორე სეტის დასაწყისშიც შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, რის შემდეგაც, კვიტოვამ სამედიცინო პაუზა მოითხოვა. ამის შემდგ, გარსიამ იოლად შეძლო უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება და ჩემპიონი გახდა. ეს მის კარიერაში მეათე ტიტულია.

0.116247