ხორვატმა ბორა ჩორიჩმა ცინცინატის ღია პირველობის ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს 7-6(0), 6-2 მოუგო და კარიერაში ყველაზე დიდი ტურნირის ჩემპიონი გახდა. ამგვარად, მხრის ოპერაციის შემდეგ, რომელიც შარშან გაიკეთა, ჩორიჩის სრულფასოვანი დაბრუნება შედგა და ახლა ის აშშ-ის ღია პირველობაზეც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
25 წლის ჩორიჩი ცინცინატის წინ რეიტინგში 152-ე ადგილზე იყო და ამიტომ, ტურნირის ორგანიზატორთა სპეციალური მიწვევა დასჭირდა. მან მეორე წრეში რაფაელ ნადალი დაამარცხა და ფინალში შესანიშნავად ითამაშა. ეს მის კარიერაში მესამე ტიტულია. და ამ გამარჯვებით, რეიტინგში 29-ე ადგილზე გადავიდა. შესაბამისად, ფლეშინგ მედოუსზე განთესვის ნომრით ითამაშებს.
„ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ ტურნირის მოგება შემეძლო. უფრო მეტიც, შორს წასვლის იმედიც არ მქონდა. ნახევარფინალში ვიცოდი, ფინალში გასვლის შემთხვევაში, ვისთან მექნებოდა საქმე. თუმცა ტურნრის ადრეულ ეტაპზე, მომდევნო მეტოქეზე ფიქრი არ მიწევდა. ყოველ წრეში, კონკრეტულ თამაშზე ვფიქრობდი. სწორედ ამას ვაკეთებდი ტურნირის ხუთი დღის განმავლობაში“, - ყვება ჩორიჩი.
ციციპასმა ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიილ მედვედევი დაამარცხა და ფინალიც ამ გამარჯვების შთაგონებით დაიწყო. მან მალე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და 4-1 დაწინაურდა. მაგრამ სულ ეს იყო, რაც ამ შეხვედრაში ბერძენმა შეძლო. ბრეიკის შემდეგ ჩორიჩი გარდაიქმნა. მან მეშვიდე გეიმში საპასუხო ბრეიკს მიაღწია, ტაიბრეიკზე კი მშრალად აჯობა მეტოქეს. მეორე სეტში ჩორიჩმა ორჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება და შეხვედრასაც წერტილი დაუსვა.