ფეხბურთი

17:39 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაზემირო: "რეალში" ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ყველაზე საპატიო აქ ყოველდღე ვარჯიში იყო"

მადრიდის „რეალმა“ კაზემიროს გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოუწყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბი“ 10 წლის შემდეგ დატოვა და კარიერას „მანჩესტერში“ გააგრძელებს.

თუმცა, კაზემიროსთვის „რეალიდან“ წასვლა რთული გამოდგა და ცრემლები ვერ შეიკავა:

„როდესაც მე და ჩემი მეუღლე აქ 2013 წელს ჩამოვედით, არავის ვიცნობდი. ჩამოვედი ახალ ქვეყანაში, ძალიან პოპულარულ კლუბში და ჩვენმა ოჯახმა აქ ახალი ცხოვრება ააშენა.

„სან პაულუში“ თამაშის შემდეგ ვფიქრობდი, რომ შემეძლო „რეალის“ პირველ გუნდში დამკვიდრება, მაგრამ ეს დიდი ილუზია იყო, ჯერ კასტილიაში უნდა მეთამაშა. იქ ვისწავლე ღირებულებები, რაც ამ კლუბს გააჩნია. აქ ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ყველაზე საპატიო "რეალში" ყოველდღე ვარჯიში იყო. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდები, რომ ამ კლუბს ისევ დავეხმარო“, - თქვა კაზემირომ.

კომენტარი გააკეთა „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც: „მიდიხარ სხვა ლეგენდარულ კლუბში, „მანჩესტერ იუნაიტედში“, მაგრამ, სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის იქნები „რეალის“ ელჩი და როდესაც ერთ დღეს დაბრუნდები, გავიხსენებთ ყველა ამ მომენტს. მადლობა კაზემირო, „რეალი“ იყო, არის და იქნება შენი სახლი“.

შეგახსენებთ, რომ კაზემირომ „რეალში“ 2013 წლიდან 336 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „სან პაულუსა“ და „პორტუშიც“ აქვს ნათამაშები, „მანჩესტერთან“ კი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114283