საქართველოს ნაკრების მცველ ლუკა ლოჩოშვილს „კრემონეზეში“ თამაში უფლება აქვს. საბუთების პრობლემა, რომელიც არსებობდა, მოგვარებულია.
„კრემონეზე“ სერია A-ს მეორე ტურში „რომას“ სტუმრად შეხვდება და ამ მატჩის განაცხადშია. მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმაც პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ თამაში შეუძლია.
„ლოჩოშვილი და აივუ ბოლოს, სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შემოგვიერთდნენ. ჩვენ მათი დამატება გვინდოდა და ამას ვცდილობდით, თუმცა, ახლა გუნდთან ინტეგრაცია და გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მატჩისთვის ხელმისაწვდომი არიან და განაცხადშიც მოხვდებიან. შეიძლება ითამაშონ“, - თქვა ალვინიმ.
შეგახსენებთ, რომ „კრემონეზე“ სერია A-ში 1995-1996 წლების სეზონის შემდეგ პირველად თამაშობს და პირველ ტურში გასვლაზე „ფიორენტინასთან“ ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 2:3 წააგო. „რომას“ კი 22 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაუპირისპირდება.