სხვა

23:50 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტა „ჯუმბო-ვისმას“ გუნდური გამარჯვებით დაიწყო

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში სტარტი აიღო სეზონის ბოლო, მესამე ველომარათონმა ვუელტა ესპანიამ. პირველ ეტაპად, გუნდური დროზე რბოლა ჩატარდა, რომელიც ჰოლანდიურმა „ჯუმბო-ვისმამ“ მოიგო. მას 13 წამით ჩამორჩა „ინეოს გრენადერსი“, მესამეზე კი „ქვიკ-სტეპი“ გავიდა.

„ჯუმბოს“ ველომრბოლებს 23.3 კილომეტრის გასავლელად 24 წუთი და 40 წამი დასჭირდათ. მათგან პირველმა ფინიში ჰოლანდიელმა ვეტერანმა რობერტ ხესინკმა გადაკვეთა და შესაბამისად, ლიდერის მაისურიც მან მოირგო.

გუნდურ რბოლაში სულ 23 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა რიგებშიც 8-8 მრბოლი შედიოდა. ჯამში სტარტზე 184 მრბოლი გამოვიდა. წესის შესაბამისად, ყოველ გუნდს, თავისი მეხუთე წევრის დრო ეთვლებოდა. რბოლის საცქერლად, მთელი მარშრუტის გასწვრივ, ათიათასობით ადამიანი იყო გამოსული. ჰოლანდიაში სულ ვუელტას სამი ეტაპი გაიმართება, შემდეგ კი ველომარათონი ესპანეთში გადაინაცვლებს.

„ბიჭების მადლობელი ვარ. ვუელტას ლიდერის წითელ მაისურში გამოწყობა, ჩემი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტია. საერთოდ ჩემი საქმე ბიჭების დახმრებაა. დღეს კი მათ მადლობა ასე გადამიხადეს“, - განაცხადა 36 წლის ხესინკმა.

ხესინკის უკან, ფინიშის ხაზი ვუელტას სამგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა გადაკვეთა. ამ რბოლაში მისი მთავარი მეტოქე ალბათ 22 წლის ბელგიელი რემკო ევენპოელი იქნება, ვინც „ქვიკ-სტეპის“ წევრთაგან ფინიში პირველმა გადაკვეთა.

საინტერესოა, რომ უტრეხტმა 2010 წელს ჯირო დ’იტალიას უმასპინძლა, 2015 წელს კი იმავე ქალაქში, ტურ დე ფრანსის პირველი ეტაპი ჩატარდა.

0.121663