ფეხბურთი

17:53 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ახალწვეულები დაგვეხმარებიან, რომ შარშანდელივით ძლიერები ვიყოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს მეორე ტურში „მონცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელ სპეციალისტს ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიაზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ახალწვეულები დაეხმარებიან, რომ შარშანდელივით ძლიერები იყვნენ.

„გულშემატკივრებში ენთუზიაზმი ვერონაში გამარჯვებითაა განპირობებული და არა ბოლო დროს გაკეთებული ტრანსფერებით. თუმცა, ფანები ამან ძალიან გაახარა და ახალწვეულები დაგვეხმარებიან, რომ ისეთი ძლიერი გუნდი გვყავდეს, როგორიც შარშან გვყავდა. 4-3-3 თუ 4-2-3-1? ორივე სქემაზე ჯერ კიდევ შარშან ვმუშაობდით და ორივეს გამოვიყენებთ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე სქემაში კარგად თამაში შეუძლიათ. სეზონის განმავლობაში სათამაშო დროს ყველა მიიღებს.

სკუდეტოსთვის ბრძოლა? არ ვიცი, ვინ უფრო გაძლიერდა. ყველა გუნდი გაძლიერდა, „ინტერი“, „მილანი“, „იუვენტუსი“ ძალიან, „ლაციოც“, ამიტომ, ბრძოლა ადვილი არ იქნება, ისევე, როგორც ხვალ „მონცასთან“ თამაში, რომელმაც 13-14 ფეხბურთელი დაიმატა და ძლიერი გუნდია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ პირველ ტურში სტუმრად „ვერონა“ 5:2 დაამარცხა, ხოლო „მონცასთან“ თამაში 21 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

0.122098