ფეხბურთი

1:11 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "კიოლნთან" თამაში არასდროს დამავიწყდება"

საქართველოს ნაკრებისა და უნგრული „ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „კიოლნთან“ მატჩზე ისაუბრა. 28 წლის ფორვარდმა კონფერენს ლიგის პლეიო-ოფში ბუნდესლიგის კლუბთან სტუმრად მოგებულ მატჩში (2:1) გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. როგორც ბუდუმ აღნიშნა, ეს თამაში არასდროს დაავიწყდება.

„ასეთ პირობებში ფეხბურთი არასდროს მითამაშია, განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. გერმანელი ფანების შექმნილი გარემოთი ერთი წუთით არ შევშინებულვარ, პირიქით, სასიამოვნო იყო. ბავშვობაში ფეხბურთელობა ასეთი მატჩების გამო მინდოდა, წარმოუდგენელი გამოცდილება იყო 45 000 ადამიანის წინაშე თამაში და გოლის გატანა. ეს თამაში სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. საფინალო სასტვენის შემდეგ გასახელში დავხტუნავდით, ვცეკვავდით, ვყვიროდით, მაგრამ დიდხანს არა, რადგან დუელის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. „ფერენცვაროშთან“ წაგების შემდეგ გვინდოდა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდის გვყავს და არ უნდა ჩამოგვწერონ. ეს გამარჯვება საუკეთესო მომენტში მოვიპოვეთ.

ტაქტიკურად მზად ვიყავით, მომეწონა, რომ ყველა ერთმანეთისთვის იბრძოდა, ერთმანეთს ვეხმარებოდით და მთელი თამაში ერთიანები ვიყავით. როდესაც „კიოლნი“ იგებდა, არ ვღელავდი, რადგან ვიცოდი, რომ ქამბექის შანსი იქნებოდა. გაძევებამ თამაშზე იმოქმედა და შანსი გამოვიყენეთ. გვინდოდა კიდევ ერთი გოლი გაგვეტანა, მაგრამ მთავარი მიზანი ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება იყო. საჭირო იყო ჭკვიანურად გვეთამაშა, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქეს 10 ფეხბურთელითაც შეეძლო ჩვენი შეცდომა გამოეყენებინა.

თავს ძალიან კარგ ფორმაში ვგრძნობ, რაც ფიზიკურად კარგად ყოფნისთვის აუცილებელია. ბოლო პერიოდში გოლები გავიტანე, შემიძლია ჩემი თამაშით გუნდს დავეხმარო და ეს ჩემს თავდაჯერებულობაზე კარგად მოქმედებს. ცხადია, „კიოლნი“ შესანიშნავი გუნდია, ისეთი ინტენსივობით თამაშობდა, რომელიც ჩემს კარიერაში იშვიათად მინახავს. ბევრი ვირბინე და 85-ე წუთისთვის ძალები გამომეცალა, მაგრამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. ამ ტურში უნგრეთის ჩემპიონატისგან ვისვენებთ და მომდევნო თამაშს დასვენებული შევხვდებით, ძალების აღდგენა მნიშვნელოვანია, რადგან მეორე თამაშში უფრო მძიმე ბრძოლა იქნება. „კიოლნი“ არახელსაყრელ მდგომარეობაშია და ბოლომდე ითამაშებს. ნამდვილად მჯერა და ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. ერთი ნაბიჯი გვაკლია იქამდე, ჩვენ მეტოქეზე დასვენებული ვიქნებით, რადგან „კიოლნი“ ბუნდესლიგაში „აინტრახტს“ უნდა შეხვდეს.

დიდი გამოწვევა იქნება უპირატესობის შენარჩუნება. თუ მოედანზე იმავე ორგანიზაციით და თავდადებით გავალათ, ტაქტიკური მითითებების შესაბამისად, როგორც ეს კიოლნში გავაკეთეთ, ვფიქრობ, შანსი გვექნება“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი (კონფერენს ლიგაზე 5 შეხვედრაში 6 გოლი და უნგრეთის ჩემპიონატში 3 თამაშში 1 გოლი), ხოლო „კიოლნთან“ საპასუხო შეხვედრა 25 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132054