კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ბრატისლავის „სლოვანმა“ ბოსნიურ „ჟრინსკისთან“ გასვლაზე 0:1 წააგო. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ 66-ე წუთამდე.
მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მისი გუნდი დამსახურებულად დამარცხდა, რადგან კარშიც ვერ დაარტყეს.
„მეტოქე უკეთესი იყო. ნელა ვთამაშობდით და დაღლილები ვჩანდით. ორმატჩიანი დუელია, შეგვიძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ. არ მინდა სიღრმისეულად შეფასება. მჯერა, რომ ხალხი მოვა სტადიონზე ჩვენს გასამხნევებლად. „ჟრინსკიმ“ დამსახურებულად მოიგო, კარში პრაქტიკულად არ დაგვირტყამს. საპასუხო მატჩი სახლში გველოდება და შანსი გვაქვს“, - თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 25 აგვისტოს გაიმართება. „სლოვანმა“ ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაერთო, ახლა კი კონფერენს ლიგა ბოლო შანსია, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს.