ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ ჰაიფას „მაკაბისთან“ სტუმრად 2:3 დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებს.
ჯერ ისრაელის ჩემპიონი იგებდა, შემდეგ ორი გოლი სერბებმა გაიტანეს და წინ გავიდნენ, მაგრამ 51-ე და 61-ე წუთზე მასპინძლებმა ასევე ორჯერ იხეირეს და საბოლოოდ 3:2 მოიგეს აზაროვის დებიუტი ბელგრადულ გუნდში ისევ არ შემდგარა. ქართველს საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს, რადგან ამ სტადიაზე მიმდინარე სეზონში „დინამო ბათუმის“ რიგებში ითამაშა.
ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა ლისაბონის „ბენფიკამ“, რომელმაც ლოძში, კიევის „დინამოს“ ჟილბერტოსა და რამოსის გოლებით 2:0 მოუგო და საპასუხო თამაშის წინ წყვილში აშკარა ფავორიტად იქცა.
უგოლოდ დასრულდა აზერბაიჯანში „ყარაბაღისა“ და ჩეხეთის ჩემპიონ „პლზენის“ შეხვედრა, შესაბამისად, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო სკამზე იყო.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.