თვენახევრიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა, რომლის 21-ე ტურის ორი მატჩი დღეს გაიმართა.
„დინამო თბილისმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში 4 გოლი გავიდა. გიორგი მოისწრაფიშვილს მალევე თემურ ბექაურმა უპასუხა, თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გამარჯვება მაინც მოიპოვა, რადგან მატჩის მიწურულს გიორგი გაბედავამ და უსმანე კამარამ ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები.
„დინამო თბილისმა“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა და მეორე საფეხურზეა, მომდევნო ტურში კი გორის „დილას“ გაეჯიბრება. რაც შეეხება „სიონს“, 24 ქულით მერვეა და „საბურთალოს“ შეხვდება.
კიდევ ერთი მატჩი „თელავსა“ და „სამგურალს“ შორის გაიმართა და გუნდებმა ქულები გაიყვანეს. სტრაჰინია პავიშიჩის ავტოგოლით წყალტუბოელებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ოთარ კვერნაძემ აღადგინა წონასწორობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „სამგურალს“ 37 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სიონს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 26 ქულით მეექვსეა და წინ კი „გაგრასთან“ თამაში ელოდება.
21-ე ტურის ორი მატჩი კვირას გაიმართება: „ლოკომოტივი“ – „გაგრას“, გორის „დილა“ კი „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს. ტური ორშაბათს, „საბურთალოსა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირებით დასრულდება.
„თელავი“ – „სამგურალი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 პავიშიჩი (45, ა.გ), 1:1 კვერნაძე (58)
„დინამო თბილისი“ – „სიონი“ 3:1 (0:0)
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (65), 1:1 ბექაური (70), 2:1 გაბედავა (77), 3:1 კამარა (82)