ფეხბურთი

17:28 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "კიოლნთან" თამაშს მოუთმენლად ველოდებით და იმედი მაქვს, გოლებს გავიტან"

„ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მიმდინარე სეზონსა და საკუთარ შედეგიანობაზე ისაუბრა. 28 წლის ქართველი თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ გოლებს კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გერმანულ „კიოლნთანაც“ გაიტანს.

„ხუთშაბათის მატჩი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან „ფეჰერვარში“ დუბლი პირველად შევასრულე და თქმაც არ მჭირდება, რამდენად ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, ბოლო შემთხვევა არ იყო, როცა დუბლი შევასრულე და კიდევ ბევრი გოლის გატანა მინდა. თავდაჯერებული ვარ, რადგან თანაგუნდელები მეხმარებიან. „პეტროკუბთან“ ჩვენი დაცვა კარგად თამაშობდა და შეტევაშიც ეფექტურები ვიყავით. მოლდოვაში დამსახურებულად მოვიგეთ, მაგრამ ეს თამაში უკვე წარსულია. კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში გველოდება „ფერენცვაროშთან“ და ვიცით, რამდენად რთული თამაში იქნება, ოთხი დღის შემდეგ კი უფრო რთული თამაში გვაქვს „კიოლნთან“. თუმცა, ამის გამო არ ვწუხვართ, ასეთ მატჩებს ყველა ფეხბურთელი მოუთმენლად ელოდება.

ამ სეზონში 6 თამაშში 6 გოლი გავიტანე, რაც ჩემს მოლოდინზე მეტია. ბოლო ხანებში ბევრი ვიშრომე საიმისოდ, რომ ფორმაში ვყოფილიყავი და ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატება დავიმსახურებ. საიდუმლო არაა, რომ ხუთშაბათს მინდა ისევ გავიტანო, მაგრამ „ფერენცვაროში“ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე „პეტროკუბი“, აღარაფერს ვამბობ „კიოლნზე“. ორივე მატჩს გასვლაზე ჩავატარებთ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა სავსე სტადიონზე თამაში. „ფერენცვაროშთან“ გამარჯვება გვინდა და ამისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ. ეს დიდი მატჩი იქნება და ორივე გუნდისთვის 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვინდა. შეიძლება, საბოლოოდ ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. „კიოლნის“ წინააღმდეგაც. ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ, ბუნდესლიგის გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ფეხბურთში საინტერესო ისაა, რომ ყველაფერი ქაღალდზე არ წყდება, არამედ მოედანზე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძეს ყველა ტურნირზე 6 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის კონფერენს ლიგაზე 4 თამაშში თავი ხუთჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114207