სერბეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ „ვოზდოვაცს“ უმასპინძლებს და შესაძლოა, ამ შეხვედრაში ირაკლი აზაროვის დებიუტი შედგეს.
ყოველ შემთხვევაში, მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ბელგრადელთა მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანკოვიჩმა თქვა, რომ შესაძლებელია, ირაკლიმ ითამაშოს.
„ითამაშებს თუ არა ლეკოვიჩი, სტანკოვიჩი, მოტიკა და აზაროვი? აუცილებლად, რომელიმე მათგანი მოედანზე იქნება. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგან სამ ფრონტზე ვთამაშობდით და ყველა მატჩის მოგება გვინდა, რაც ადვილი არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღდგენის პროცესი, ღრმა შემადგენლობა გვყავს და ყოველთვის შემიძლია ადეკვატური შეცვლების იმედი მქონდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა კარგად მუშაობს და ყველა მზადაა ნებისმიერი მატჩის სათამაშოდ, როგორც სერბეთის ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე“, - თქვა „ინტერისა“ და „ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და კონტრაქტი 2026-წლამდე გააფორმა. მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს, რადგან „დინამო ბათუმის“ რიგებში ითამაშა და სერბულ კლუბს მხოლოდ ჯგუფური ეტაპიდან დაეხმარება, მანამდე კი სერბეთის ჩემპიონატით უნდა შემოიფარგლოს.
„ცრვენა ზვეზდა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჰაიფას „მაკაბის“ ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ხოლო მარცხის შემთხვევაში ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდება. სერბეთის ჩემპიონატში სტანკოვიჩის გუნდს 4 ტურში 12 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.