„ბარსელონამ“ სეზონის სტარტამდე ერთი დღით ადრე პრობლემა გადაჭრა და ახალწვეულების დარეგისტრირება მოახერხა.
რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ფრანკ კესი და ანდრეას კრისტენსენი, ასევე უსმან დემბელე და სერხი რობერტო, რომლებსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივეს, „ბარსამ“ დაარეგისტრირა, შესაბამისად, ისინი ლა ლიგის პირველ ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ თამაშს მოახერხებენ.
ერთადერთი გამონაკლისი ჟიულ კუნდეა, რომელიც „ბლაუგრანამ“ ბოლოს დაიმატა და ჯერჯერობით ფრანგის დარეგისტრირება ვერ შეძლეს, შესაბამისად, ის „რაიოსთან“ ჩავის განკარგულებაში არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ კესისა და კრისტენსენის კონტრაქტებში არსებობდა პუნქტი, რომლის თანახმად, თუ სეზონის დაწყებამდე მათი რეგისტრაცია ვერ მოესწრებოდა, ხელშეკრულების გაწყვეტა და კლუბიდან წასვლა შეეძლოთ, თუმცა „ბარსელონასთვის“ ეს საფრთხე უკვე აღარ არსებობს.