ადრიენ რაბიო სავარაუდოდ „იუვენტუსს“ დატოვებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ სერიოზულ ინტერესს იჩენს.
ინგლისური კლუბის გენერალური მენეჯერი ჯონ მურტო დღეს ტურინში ჩავა, სადაც კლუბის ხელმძღვანელებსა და რაბიოს დედას, ვერონიკას შეხვდება. კლუბებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია – „იუვენტუსი“ 18 მილიონ ევროს მიიღებს ფეხბურთელში, რომლის კონტრაქტი 2023 წელს იწურება.
თუმცა, დაბრკოლებაა ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი, მაგრამ ტურინული გაზეთი წერს, რომ დადებითი ძვრები არსებობს და დღეს შესაძლოა, ეს საკითხიც მოგვარდეს. ამდენად, რაბიოს ინგლისში გადასვლის შანსი საკმაოდ მაღალია.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ ადრიენ რაბიო 2019 წელს პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფრანგი კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, ისეთი თამაში ვერასდროს აჩვენა, რომ ტიფოზებისთვის თავი შეეყვარებინა. მან შავ-თეთრი მაისურით ამ დრომდე 129 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.