ფეხბურთი

14:12 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ხალხს ეს მატჩი დიდხანს ემახსოვრება"

ბრატისლავის „სლოვანი“ ევროპა ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა, სადაც გადამწყვეტი პენალტი გიორგი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ვლადიმირ ვაისმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს შეხვედრა ხალხს დიდხანს ემახსოვრება.

„შესანიშნავი მატჩი იყო სამწუხარო დასასრულით. ხალხს ეს მატჩი დიდხანს ემახსოვრება. მეც და გულშემატკივარსაც გვინდოდა მებრძოლი სულითა და დისციპლინით მოთამაშე ასეთი „სლოვანის“ ხილვა. დიდი ემოციებით ვითამაშეთ და ერთ დღეს, როცა აქ არ ვიქნები, ხალხი ამ მატჩს გაიხსენებს. ბოლოს რისკზე წავედით, მოედანზე 6 შემტევი გვყავდა და ჩავრიჩსა და გრინსაც დაცვაში თამაში უწევდათ. გოლები არაფრისგან გავუშვით, ჩვენი მომენტები კი ვერ გამოვიყენეთ. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, თუ გვინდა ისეთი გუნდი დავამარცხოთ, როგორიც „ოლიმპიაკოსია“. პენალტების სერია ლატარეა არ არის, ეს არის ფსიქოლოგია და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. სამწუხაროდ, ჩვენ ორჯერ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ეს ფეხბურთია, ჩემს თანაშემწეს ვუთხარი, რომ თუ კუცკა პენალტს გაიტანდა, მომდევნო ეტაპზე გავიდოდით, თუ არა, ვერ გავიდოდით. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

ასეთი მატჩი გუნდს სჭირდებოდა. „დინამო ბათუმთან“ თამაშის შემდეგ ვთქვი, რომ მსგავსი მატჩებიდან იბადება ახალი გუნდი და იმ თამაშის შემდეგ ფეხბურთელები მიხვდნენ, სად თამაშობენ, როგორი კლუბია „სლოვანი“. გვინდოდა ევროპა ლიგაზე გასვლა, მაგრამ ახლა კონფერენს ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. „ჟრინსკის“ შემადგენლობა ვნახე, ადგილობრივი და ხორვატი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთის თამაში ნამდვილად იციან“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, „სლოვანი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ბოსნიის ჩემპიონ „ჟრინსკის“ დაუპირისპირდება და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ეცდება.

0.110511