ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში გრძელდება ძიუდოში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გიორგი ტერაშვილმა მოუტანა.
73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა ფინალამდე ეკვადორელი მატიას კორონელი, გერმანელი ჯანო რუებო, მაროკოელი ჰასან დუკალი და უნგრელი დანიელ შეგედი დაამარცხა, მაგრამ ფინალში იაპონელ რიუგა ტანაკასთან მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამავე წონაშე დაუმარცხებლად განვლო გზა ნახევარფინალამდე კოტე კაპანაძემ, რომელმაც ბრიტანელ ეთან ნაირნეს, ჩილელ ტომას ერნანდესს, უნგრელ გერგელი ადორიანისა და ტაჯიკ აჰმადზოდ მასუდის აჯობა, თუმცა ჯერ ნახევარფინალში აწ ნახსენებ იაპონელ რიუგა ტანაკასთან და მერე ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ მარჩინ კოვალსკისთან წააგო და უმედლოდ დარჩა.
ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ ეკვადორელ სკარლეტ სალამართან იმარჯვა, თუმცა შემდეგ თურქ ოზლემ ილდიზთან ვერაფერი გააწყო. 63 კგ წონით კატეგორიაში იგივე გზა განვლო ეთერ ასკილაშვილმა, რომელმაც ამერიკელ ემილი დანიელა იასპეს კი აჯობა, მაგრამ ნიდერლანდელ იოანე ვან ლიეშუტთან მარცხი განიცადა და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა.
საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია. გიორგი ტერაშვილმა და გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლი, ხოლო თორნიკე მაზიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.