ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს ისრაელთან გამართავს. შეხვედრა 12 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ისრაელის ნაკრები სოლიდური გუნდია, რომელიც ევრობასკეტისთვისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება.
ისრაელთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთეს:
ილიას ზუროსი: „მზადების მეორე ეტაპს ვიწყებთ, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაცვაში თამაშის გაუმჯობესებას უნდა დავუთმოთ. გოგა ბითაძესთან დაკავშირებით, სიახლე არაფერია, ამიტომ, ახლა უმჯობესია, აქცენტი იმ კალათბურთელებზე გავაკეთოთ, რომლებიც გუნდში არიან. როცა გოგასთან დაკავშირებით სიახლე იქნება, შეგატყობინებთ“.
თორნიკე შენგელია: „ჩემი აზრით, ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე უნგრეთი და გულშემატკივარს თავი სხვა კუთხიდან უნდა დავანახოთ. ჩემი აზრით, დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ, ეს ჩვენი ძლიერი მხარე გავხადოთ და შეტევაში სწრაფად უნდა ვითამაშოთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 10-დღიანი შეკრება სლოვენიაში გაიარა, რის შემდეგაც 2 სპარინგ-მატჩი უნგრეთში, ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართა და მოგებ-წაგება გაცვალა. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს გუნდს მორიგი მოსამზადებელი მატჩები თბილისსა და ათენში ელის, სადაც 15 აგვისტოს გაემგზავრება და 3 სოლიდური ქვეყნის ნაკრებს – საბერძნეთს, თურქეთსა და პოლონეთს დაუპირისპირდება.
ისრაელთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს მიხეილ ბერიშვილი, რომელიც ტრავმირებულია. მოლაპარაკების საფუძველზე, ორივე ნაკრები 14 კალათბურთელით ითამაშებს.