ფეხბურთი

18:05 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფეხბურთელები კვარაცხელიაზე: "ჩვენი ტიფოზებისგან აუცილებლად დაფასებული იქნება"

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ განაცხადა, რომ ახალწვეულებიდან მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. როგორც ლობოტკამ აღნიშნა, ხვიჩა რაღაცით ინსინიეს ჰგავს, მაგრამ რაღაცით განსხვავებული მოთამაშეა.

„ჩემზე შთაბეჭდილება არა მხოლოდ ერთმა ახალწვეულმა მოახდინა. თუმცა თუ ერთი უნდა დავასახელო, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა დრიბლინგის უნარით, ის არის ფეხბურთელი, რომელიც რაღაცით ინსინიეს ჰგავს, მაგრამ რაღაც ასპექტებით განსხვავებულია“, - თქვა ლობოტკამ.

სლოვაკი ნახევარმცველის გარდა, ხვიჩას შესახებ „ნაპოლის“ კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მცველმა ჯოვანი დი ლორენცომაც გააკეთა კომენტარი. როგორც მან აღნიშნა, კვარამ ლუჩანო სპალეტის მექანიზმებთან მორგება უკვე მოახერხა.

„კვარა დაუყოვნებლივ მოერგო სპალეტის მექანიზმებს. მეტოქეებს ისე ატყუებს, როგორც ბოულინგის კეგლებს და ჩვენი გულშემატკივრები მას აუცილებლად დააფასებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარჯვნივ გვყავს ლოზანო და პოლიტანო, ცენტრში კი ოსიმენი, რომელიც შესანიშნავი გოლეადორია“, - აღნიშნა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მოსამზადებელ ეტაპზე 6 მატჩში თავი 4 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

0.11029