ფეხბურთი

22:50 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ცრვენა ზვეზდა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია, ირაკლი აზაროვს არ უთამაშია

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია და ჯგუფურ ეტაპამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს.

სერბეთის ჩემპიონმა სომხური „პიუნიკი“ გასვლაზეც დაამარცხა 2:0 გუელორ კანგასა და მილან პანკოვის გოლებით. „ცრვენა ზვეზდას“ პირველი მატჩი 5:0 ჰქონდა მოგებული, შესაბამისად, ორი თამაშის ჯამში წარმატებას ძალიან იოლად მიაღწია. ირაკლი აზაროვი განაცხადში არ იყო, ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმში“ ითამაშა და ამ სეზონში მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება აქვს.

კვიპროსული „აპოლონი“ პლეი-ოფს მიღმა დარჩა, რადგან ჰაიფას „მაკაბისთან“ სტუმრად 0:4 ჰქონდა წაგებული. შინ 2:0 კი მოუგო, მაგრამ ეს საერთო გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. რევაზ ინჯგია კვიპროსელთა თადარიგში დარჩა. პლეი-ოფში "მაკაბი" და "ცრვენა ზვეზდა" სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

პლეი-ოფში გავიდა ჩეხური „პლზენიც“, რომელმაც ტირასპოლის „შერიფი“ შინაც იგივე ანგარიშით დაამარცხა, როგორც სტუმრად (2:1) და ამრიგად, ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა. პლეი-ოფში იქნება „ბოდო გლიმტიც“. ნორვეგიის ჩემპიონმა „ჟალგირისს“ სახლში 5:0 აჯობა და სტუმრად ფრეს დასჯერდა (1:1). ლიეტუვის ჩემპიონი ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადავიდა, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში კი უკვე გარანტირებული აქვს.

0.145137