ახლა უკვე ოფიციალურად - ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ფეხბურთელია. სერია A-ს ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტი დარეგისტრირებულია. გარდა ამისა, ტრანსფერი "კრემონეზეს" ვებგვერდმაც დაადასტურა.
ამრიგად, 24 წლის ქართველი მცველი ახალი სეზონიდან იტალიის სერია A-ში ითამაშებს და საერთოდაც, იტალიის ჩემპიონატში ორი ქართველი იქნება - ლოჩოშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. ლუკა მეოთხე ქართველია, რომელიც სერია A-ში ითამაშებს კახა კალაძის, ლევან მჭედლიძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ.
„კრემონეზე“ სერია A-ში ახლახან აღზევდა და ელიტაში 1995-1996 წლების სეზონის შემდეგ პირველად იასპარეზებს. კრემონელები პირველ ტურში 14 აგვისტოს „ფიორენტინას“ ესტუმრებიან. სხვათა შორის, მასიმილიანო ალვინის გუნდმა ბოლო ორ დღეში ლოჩოშვილის ფარდა, "ლაციოდან" გონსალო ესკალანტე და "ფეიენოორდიდან" სირილ დესერსი გადაიბირა, რომელიც გასულ სეზონში 10 გოლით კონფერენს ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილი 2020 წლიდან „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა და 71 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „დინამო თბილისისა“ და სლოვაკური „ჟილინას“ წევრი იყო, ხოლო საქართველოს ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული.