ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი შესაძლოა „პალერმოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
დე როსის აქამდე მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ სიცილიელები მზად არიან კლუბი ახალგაზრდა სპეციალისტს ჩააბარონ. „პალერმო“ სერია B-ში ახლახან დაბრუნდა და მიზნად სერია A-ში დაბრუნებას ისახავს.
„როზანეროს“ ბოლოს სილვიო ბალდინი ავარჯიშებდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო პოსტი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დანიელე დე როსიმ თითქმის მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა, მისი ბოლო კლუბი კი „ბოკა ხუნიორსი“ იყო.