ფეხბურთი

0:43 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ცრვენა ზვეზდა" და "ბოდო გლიმტი" თითქმის პლეი-ოფში არიან, კიტეიშვილს "შტურმმა" შანსი შეინარჩუნა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე მატჩი დღეს გაიმართა და შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს წყვილში ფავორიტი აშკარად გამოიკვეთა.

კიევის „დინამომ“ გრაცის „შტურმი“ 1:0 დაამარცხა და ცხადია, ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში ავსტრიაში გადაწყდება. ოთარ კიტეიშვილს სტუმართა რიგებში ტრავმის გამო არ უთამაშია.

თადარიგში დარჩა „აპოლონის“ წევრი რევაზ ინჯგია, ხოლო მისი გუნდი ჰაიფას „მაკაბისთან“ 0:4 განადგურდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. კაუნასის „ჟალგირისმა“ მორიგი სასწაული ვერ მოახდინა და ნორვეგიაში „ბოდო გლიმტთან“ 0:5 განადგურდა. თუმცა, „ჟალგირისმა“ ისტორია უკვე დაწერა, რადგან პირველი ლიეტუვური კლუბია, რომელიც ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და კონფერენს ლიგის ჯგუფი მინიმუმ განაღდებული აქვს.

ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდამ“, რომელსაც ალბათ მალე ირაკლი აზაროვი შეუერთდება, ერევნის „პიუნიკი“ 5:0 გაანადგურა და პლეი-ოფში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა.

დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი „ყარაბაღისა“ და „ფერენცვაროშის“ წყვილში, რომლის პირველი დუელი აზერბაიჯანში 1:1 დასრულდა. ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო სკამზე იყო.

რამდენიმე მატჩი კონფერენს ლიგაზეც გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების კლუბებმაც იასპარეზეს. ავსტრიული „ვოლფსბერგერი“ შინ მალტის „გზირას“ უგოლოდ დაუზავდა, ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ფრეს გამორჩა გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტეც“, რომელიც სტუმრად ლატვიურ „რიგას“ დაუპირისპირდა - 1:1. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო სკამზე დარჩა.

0.132195