„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი როგორც ჩანს, თავის გუნდში აფრიკელი მოთამაშეების ყოლის წინააღმდეგია.
იტალიელმა Smart Talk-თან ინტერვიუში ხმაურიანი განცხადება გააკეთა: „საკმარისია აფრიკელი ფეხბურთელების დამატება, თუ ისინი უარს არ იტყვიან აფრიკის თასზე. ჩვენ მათ ხელფასებს ვუხდით, ისინი კი სხვადასხვა ქვეყნებში დადიან სათამაშოდ“, - აღნიშნა დე ლაურენტისმა.
ნეაპოლელთა ხელმძღვანელის ამ განცხადებას „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი და სენეგალის ნაკრების კაპიტანი კალიდუ კულიბალი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ნეაპოლის მოსახლეობა ასე არ ფიქრობს და ეს მხოლოდ დე ლაურენტისის აზრია.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სხვების პატივისცემა. როცა „ნაპოლიში“ ვთამაშობდი, სენეგალსაც წარმოვადგენდი. რთული იყო აფრიკის თასზე წასვლა, მაგრამ აფრიკული ნაკრებების პატივისცემაც საჭიროა. როგორც სენეგალის ნაკრების კაპიტანი, ვფიქრობ, არ არის სწორი აფრიკულ ნაკრებებზე ასე ლაპარაკი. პატივს ვცემ აზრს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ გუნდს შეუძლია აფრიკელების გარეშე თამაში, ეს მისი უფლებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნეაპოლში ბევრი ადამიანია, ვინც დე ლაურენტისის მსგავსად არ ფიქრობს. მე მის ამ სიტყვებს მხოლოდ მის მოსაზრებად ვიღებ და არა მთელი ნეაპოლის მოსახლეობის მოსაზრებად“, - თქვა კულიბალიმ.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლიში“ ამჟამად სამი აფრიკელი ფეხბურთელი ირიცხება - ალჟირელი ადამ უნასი, კამერუნელი ზამბო ანგისა და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი.