ავტოსპორტი

1:45 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენის მეორე ტიტული მხოლოდ დროის ამბავია

მაქს ფერსტაპენი საზაფხულო არდადეგებზე 80-ქულიანი უპირატესობით წავიდა. თქმა არ უნდა, ასეთი უპირატესობა იმას ნიშნავს, რომ მისი მეორედ გაჩემპიონება მხოლოდ დროის ამბავია და ამის შეცვლა, მხოლოდ გაუგონარ უიღბლობას შეუძლია.

სეზონის დასრულებამდე, 9 რბოლაა დარჩენილი. და მათგან სამში მაინც, შარლ ლეკლერმა ისე რომ გაიმარჯვოს, ფერსტაპენმა ქულაც ვერ აიღოს, წინ მაინც ჰოლანდიელი დარჩება. ეს კი ძალიან ბევრია. და მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.

ბუდაპეშტის რბოლა მან მე-10 პოზიციიდან დაიწყო, შუა რბოლისას დატრიალდა და პოზიციები დაკარგა, მაგრამ ფინიშთან მაინც პირველი მივიდა. ასეთ რბოლებს მხოლოდ ჩემპიონები იგებენ.

ლეკლერმა ყველა დარჩენილი რბოლა რომ მოიგოს და ყველაში, უსწრაფესი წრისთვის ბონუს ქულებიც ჩაერიცხოს, ჩემპიონი მაინც ფერსტაპენი გახდება, თუ ყველა რბოლაში მეორე ადგილს დაიკავებს. ეს კი მას თავისუფლად შეუძლია. ამის დასტურია ის, რომ ბოლო 10 რბოლიდან, ცხრაში კვარცხლბეკზე ავიდა.

ესეც რომ არა, „ფერარის“ ერთ სეზონში ზედიზედ ცხრა რბოლა არასდროს მოუგია. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს მოხდა, ავტორი კი „რედ ბულით“ მოასპარეზე სებასტიან ფეტელი იყო.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ფერსტაპენს 114 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ისიც კი, კვარცხლბეკზე უფრო ხშირად ადის, ვიდრე ლეკლერი. ეს კი ნიშნავს, რომ „ფერარის“ და მონაკოელს სტაბილურობა აკლიათ, რის გარეშეც, ჩემპიონობა შეუძლებელია. დაკიდევ, ამის უცბად შეცვლაც არარეალურია.

ამის ფონზე, ფერსტაპენი გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებს და მოთმინებით გამოირჩევა. 24 წლის ჩემპიონს გასულ 13 რბოლაში 8 მოგება აქვს. მას თავისუფლად შეუძლია, ამ სეზონში 13 ან მეტი მოგების დაგროვება. 13 გამარჯვება არის მიღწევა, რომელიც ფეტელს და მიხაელ შუმახერს ეკუთვნით. ოღონდ, შუმახერმა 13 გამარჯვება 18 ეტაპზე მოიპოვა, ფეტელმა კი - 19-ზე.

ბუდაპეშტში გამარჯვების შემდეგ, ფერსტაპენმა განაცხადა, რომ რეკორდებზე არც ფიქრობს და არც მათზე გამოკიდებას აპირებს: „რა თქმა უნდა, დარჩენილი რბოლებიდან, ყველას მოგებას ვეცდები. მაგრამ მთავარი ლიდერობის შენარჩუნება და ჩემპიონატში გამარჯვებაა. ეს ისაა, რასაც ვეცდები“.

საინტერესოა, რომ დარჩენილი ცხრა რბოლიდან, ფერსტაპენს ექვსი ერთხელ მაინც აქვს მოგებული. მათგან ორში (ბელგია და ჰოლანდია) ის მასპინძელი იქნება.

0.117103