ავტოსპორტი

3:21 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა არდადგების წინ, ერთი რბოლაც მოიგო

უნგრეთში რბოლა ზუსტად იმ შედეგით დასრულდა, როგორითაც საფრანგეთში. გამარჯვებული ისევ მაქს ფერსტაპენია, დამარცხებული კი „ფერარი“ და მისი შარლ ლეკლერი. და კვარცხლბეკის ორი დარჩენილი საფეხური „მერსედესის“ ლუის ჰამილტონმა და ჯორჯ რასელმა დაიკავეს. ფერსტაპენი ვერც იმან შეაჩერა, რომ სტარტი მეათე პოზიციიდან (ძრავის პრობლემების გამო) აიღო.

რასელმა რბოლა პოულიდან თავის ფ1-ის კარიერაში პირველად დაიწყო და გამარჯვების იმედიც ჰქონდა - ჰუნგარორინგის კონფიგურაცია მას ამის შესაძლებლობას აძლევდა. მაგრამ ლეკლერის შეტევების მოგერიება ვერ შეძლო. შემდეგ ჯერ ფერსტაპემა გაასწრო, ბოლოს კი თავის ტიტულოვან თანაგუნდელთანაც დათმო პოზიცია.

რასელის გასწრების შემდეგ, ლეკლერი ერთხანს ლიდერი იყო. მაგრამ 39-ე წრეზე შესრულებულ პიტ სტოპზე გუნდმა მონაკოელს მყარი საბურავები დაუყენა, რითაც ფაქტობრივად, მისი რბოლა დაასამარა. ლეკლერი მეტოქეებისთვის იოლი ლუკმა გახდა და ამის გამო, კიდევ ერთი პიტ სტოპის შესრულება დასჭირდა, რითაც პოზიციები დაკარგა და საბოლოოდ, მეექვსე ადგილს დასჯერდა.

„საოცარი შედეგია. ვინ იფიქრებდა, რომ დღეს მოგებას შევძლებდი“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც 13 ეტაპის შემდეგ, თავის უახლოეს მდევარ ლეკლერს უკვე 180 ქულას უგებს. მისთვის ეს ამ სეზონში მერვე, კარიერაში კი 28-ე გამარჯვებაა. საინტერესოა, რომ თავისი ბოლო 10 რბოლიდან, ჰოლანდიელმა მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

„საბურავების გამო, რბოლა წავაგე. ზედმეტ პიტ სტოპზე 20 წამი წავაგე, ჰარდებზე ყოფნამ კი დამატებით ექვსი წამი (ხუთი წრის განმავლობაში) დამაკარგვინა“, - ყვება ლეკლერი, ვინც საბოლოოდ მეექვსე ადილს დასჯერდა და გამარჯვებულს 16 წამზე მეტით ჩამორჩა.

ჰამილტონს უნგრეთში რბოლა რვაჯერ აქვს მოგებული და იმის გამო, რომ კვალიფიკაციისას, DRS-სისტემა დაუზიანდა, სტარტი მხოლოდ მეშვიდე პოზიციიდან აიღო. ის ფიქრობს, რომ სწორედ ამის გამო დაკარგა მოგების რეალური შანსი.

სხვათა შორის, ლეკლერთან ბრძოლისას, ფერსტაპენი ერთხე შეცდა და დატრიალდა, რამაც დრო დააკრგვინა. თუმცა მალევე გამოასწორა საქმე და მეტოქეებისთვის მცირე შანსიც აღარ მიუცია.

ჰამილტონმა ფინიშამდე 18 წრით ადრე სოფტები დააყენა, რამაც ჯერ კარლოს საინსს გაასწრო, შემდეგ კი რასელიც ზედ მიაყოლა. მან ფერსტაპენის დადევნებაც სცადა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ლიდერი ტრასაზე უფრო ძველი რეზინით იყო, ჰამილტონმა მისი დაწევა ვეღარ შეძლო.

საზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, პირველ რბოლას 28 აგვისტოს ბელგიის სპა-ფრანკორშანი უმასპინძლებს.

უნგრეთის დიდი პრიზი

ბუდაპეშტი, ჰუნგარორინგი, 306.630 კმ (4.381 კმ, 70 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:39'35.912
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 7.834
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 12.337
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 14.579
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 15.688
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 16.047
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'18.300
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  11. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  13. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  14. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  17. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1 წრე
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  19. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2 წრე
  20. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 5 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:21.386 (57-ე წრე, 193.787 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 258 ქულა; 2. შარლ ლეკლერი - 178; 3. სერხიო პერესი - 173; 4. ჯორჯ რასელი - 158; 5. კარლოს საინსი - 156; 6. ლუის ჰამილტონი - 146; 7. ლანდო ნორისი - 76; 8. ესტებან ოკონი - 58; 9. ვალტერი ბოტასი - 46; 10. ფერნანდო ალონსო - 41; 11. კევინ მაგნუსენი - 22; 12. დანიელ რიკარდო - 19;13. პიერ გასლი და სებასტიან ფეტელი - 16; 15. მიკ შუმახერი - 12; 16. იუკი ცუნოდა - 11; 17. გუანიუ ჟოუ - 5; 18. ლანს სტროლი - 4; 19. ალექს ელბონი - 3; 20. ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 431 ქულა; 2. ფერარი - 334; 3. მერსედესი - 304; 4. ალპინ-რენო - 99; 5. მკლარენ-მერსედესი - 95; 6. ალფა რომეო-ფერარი - 51; 7. ჰაას-ფერარი - 34; 8. ალფატაური-რედ ბული - 27; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 20; 10. უილიამს-მერსედესი - 3.

0.110303