ფეხბურთი

0:45 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

აქტიური კვარაცხელია და ორი სუპერმომენტი: "ნაპოლი" "მალიორკას" დაუზავდა (+VIDEO)

„ნაპოლიმ“ პრესეზონის ფარგლებში მეოთხე ამხანაგური თამაში ჩაატარა და კასტელ დი სანგროში ესპანურ „მალიორკას“ უმასპინძლა, რომელსაც დაუზავდა - 1:1.

ხვიჩა კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და 73-ე წუთამდე ათამაშა. ქართველს საგოლე შეტევაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ნეაპოლელთაგან უდავოდ ნათელი წერტილი იყო.

ხვიჩა ძალიან აქტიურობდა და მის წინააღმდეგ ესპანელ მცველებს ძალიან უჭირდათ. ორჯერ მალიორკა ხვიჩასგან გოლს ნამდვილად გადაურჩა და ორჯერვე ქართველმა კარს ძალიან მცირე ააცილა, არადა, ორივე შემთხვევაში ულამაზესი გოლი გაჰქონდა. მე-16-ე წუთზე ტექნიკურად ითამაშა საჯარიმოში, რამდენიმე ფინტის შემდეგ მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა, მაგრამ კუნძულელები გადარჩნენ. აღმაფრთოვანებელი იყო მეორე ეპიზოდი, როცა დაახლოებით 25-30 მეტრიდან კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა ამ შემთხვევაშიც ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

„ნაპოლის“ რიგებიდან ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზეა, რომელმაც პენალტი გაიტანა. მოგეხსენებათ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენალტებს კვარაცხელია შეასრულებდა, მაგრამ პრესეზონზე პირველი პენალტი ნიგერიელმა დაარტყა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

„ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს, „ჟირონასთან“ გამართავს, ხოლო ამ მოსამზადებელ ეტაპზე ქართველის აქტივში 4 თამაშში (თუმცა, არცერთში უთამაშია თავიდან ბოლომდე) 3 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ შეხვედრით გახსნის.

0.160966