მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალი სეზონი ტიტულით გახსნა. „რეკორდმაისტერი“ „რედ ბულ“ არენაზე“ გერმანიის სუპერთასისთვის „ლაიფციგს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობდა, გამარჯვება არ გასჭირვებია - 5:3.
მიუნხენელებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს სამბურთიანი უპირატესობა ჯამალ მუსიალას, სადიო მანესა და ბენჟამინ პავარის გოლებით. მეორე ნახევარში „ლაიფციგმა“ გაიბრძოლა, ჯერ მარსელ ჰალსტენბერგმა გაიტანა, რასაც სერჟ გნაბრიმ უპასუხა, მაგრამ მასპინძლებმა თამაშში ოდნავი დაძაბულობა მაინც შეიტანეს კრისტოფერ ნკუნკუსა და დანი ოლმოს გოლებით (3:4). თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე საბოლოო ანგარიში ლეროი სანემ დააფიქსირა.
ამრიგად, „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი ისტორიაში მეათედ მოიგო, სადიო მანემ ოფიციალურ მატჩებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ბუნდესლიგის პირველ ტურში „ბაიერნი“ 5 აგვისტოს “აინტრახტს“ ესტუმრება, ხოლო „ლაიფციგი“ 7 აგვისტოს „შტუტგარტს“ ეწვევა.
„ლაიფციგი“ – „ბაიერნი“ 3:5 (0:3)
გოლები: 0:1 მუსიალა (14), 0:2 მანე (31), 0:3 პავარი (45), 1:3 ჰალსტენბერგი (59), 1:4 გნაბრი (66), 2:4 ნკუნკუ (77), 3:4 დანი ოლმო (89), 3:5 სანე (90)