ფეხბურთი

22:27 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანის" ქამბექი 0:2-დან: ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორედ 90 წუთი ითამაშა, კაშიამ და კანკავამ დაისვენეს

სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „მიხალოვცეს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 0:2 წააგო, საბოლოოდ 4:2 მოიგო.

ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, მაგრამ მან მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავი გოლით არ გამოუჩენია. სასიამოვნოა, რომ ბოლო ოთხ დღეში გიორგიმ ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა შეუცვლელად, რაც ნიშნავს, რომ გაცილებით უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში შედის.

„სლოვანი“ 59-ე წუთამდე თითქოს უშანსოდ აგებდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, ვლადიმირ ვაისმა შესვენებაზე ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, რამაც მეორე ტაიმში აშკარად შედეგი გამოიღო.

ჯაბა კანკავა თადარიგში დარჩა, გურამ კაშია განაცხადში არ იყო. ვეტერანი ქართველები ვლადიმირ ვაისმა დაასვენა, რადგან „სლოვანს“ 4 აგვისტოს, ევროპა ლიგაზე პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მატჩი ელოდება.

„სლოვანს“ სლოვაკეთის ჩემპიონატში სამ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 7 აგვისტოს, „სკალიცას“ უმასპინძლებს.

0.105753