ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონი შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ გამარჯვებით დაიწყო. ქართველი სპეციალისტის გუნდმა პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ბრისტოლ სიტისთან“ 2:1 მოიგო და სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.
„ჰალმა“ 30-ე წუთზე გაუშვა გოლი და ანგარიშში ჩამორჩა, მაგრამ მეორე ტაიმში შოთას გუნდმა სიტუაცია სათავისოდ შეცვალა. 72-ე წუთზე ოზან ტუფანმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი ჟან-მიშელ სერიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ჰალმა“ მოიგო.
ამრიგად, შოთა არველაძის გუნდის სტარტი კარგია, მომდევნო ტურში კი 6 აგვისტოს სტუმრად, „პრესტონ სიტის“ დაუპირისპირდება.