იტალიური „ნაპოლი“ ახლოსაა ლონდონის „ჩელსის“ მეკარის კეპა არისაბალაგას ტრანსფერთან. ამის შესახებ Sky Sport-ი წერს.
წყაროს თანახმად, კლუბებმა ერთწლიან იჯარაზე შეთანხმებას მიაღწიეს და ხელფასის ნაწილს ინგლისური კლუბი გადაიხდის. ახლა საბოლოო მოლაპარაკებები ბონუსების საკითხზე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ 27 წლის მეკარე ნეაპოლურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის.
იმ შემთხვევაში თუ ესპანელი „ნაპოლიში“ გადავა, იტალიურ კლუბს ალექს მერეტი დატოვებს და დიდი ალბათობით, იტალიელი მეკარე კარიერას „ტორინოში“ გააგრძელებს.
კეპა არისაბალაგა „ჩელსის“ 2018 წელს შეუერთდა და 124 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ედუარ მენდის ტრანსფერის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბოლო ორი სეზონი სათადარიგო კიპერია. მანამდე კეპას „ბასკონიაში“, „პონფერადინაში“, „ვალიადოდსა“ და „ბილბაოში“ აქვს ნათამაშები, ესპანეთის ნაკრების მაისური კი დღემდე 11-ჯერ მოირგო.