პარასკევს ინგლისურ ჩემპიონშიფში ახალი სეზონი დაიწყო. პირველ მატჩში „ჰადერსფილდმა“ „ბარნლის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე იენ მაატსენმა გაიტანა.
„ბარნლის“ დამრიგებელ ვენსან კომპანისთვის, ეს ინგლისური სამწვრთნელო დებიუტი გახლდათ. მანამდე ის სამ წელიწადს მშობლიურ „ანდერლეხტს“ თავკაცობდა. 2008-19 წლებში კი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.
ჩემპიონშიფის პირველი ტურის დანარჩენი მატჩები დღეს, 30 ივლისს გაიმართება. შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ „ბრისტოლს“ უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.