კალათბურთი

20:08 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა: "ძალიან მინდოდა გუნდთან ერთად ყოფნა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს „მილუოკი ბაქსის“ მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი სლოვენიურ შეკრებაზე შეუერთდა.

ის სლოვენიაში ჩავიდა, სადაც ილიას ზუროსის გუნდი მოსამზადებელ ეტაპს გადის და 4 აგვისტომდე როგლაში დარჩება. სანდროს სწორედ 4 აგვისტომდე არ აქვს ვარჯიშის უფლება, მაგრამ როგორც თავად განაცხადა, გუნდთან ერთად ყოფნა სურდა, ამიტომაც ნაკრებს როგლაში შეუერთდა.

„ნაკრებს როგლაში შევუერთდი, ჩემს მწვრთნელთან ერთად ჩამოვედი. NBA-ს რეგულაციების მიხედვით 4 აგვისტომდე გუნდთან ერთად ვარჯიში არ შემიძლია, მაგრამ აქ ბიჭებთან ერთად ყოფნა ძალიან მინდოდა, რათა მენახა, როგორ ემზადებიან, რას სწავლობენ. ამიტომ აქ ვიქნები, ბიჭების გვერდით და 4 აგვისტოდან მათთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ“, - თქვა მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სლოვენიური შეკრების შემდეგ სტუმრად უნგრეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს (5-6 აგვისტოს), შემდეგ თბილისში დაბრუნდება, სადაც 11 და 13 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო მერე საბერძნეთში აკროპოლისის თასზე მასპინძელ საბერძნეთს, თურქეთსა და პოლონეთს შეხვდება, რითაც მოსამზადებელ შეხვედრებს დაასრულებს. ილის ზუროსის გუნდი 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიდერლანდებს უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს იტალიას ესტუმრება. 1-7 სექტემბერს კი, თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.117334