ფეხბურთი

10:25 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ნოზაძე: "მარცხი საწყენია, გამოცდილება დაგვაკლდა"

თბილისის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ ბუქარესტის „სტიაუასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა მესამე გოლი ძალიან დასანანად გაუშვა და გამარჯვებისთვის ალბათ გამოცდილება დააკლდათ.

„პირველ რიგში ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს – პირველ ნახევარში მოწინააღმდეგემ წნეხში მოგვაქცია, მიუხედავად ამისა, 2-3 რეალური საგოლე მომენტი შევქმენით და გვმართებდა გოლის გატანა. სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით.

მეორე ნახევარში ცვლილებები განვახორციელეთ და ორ ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოვახერხეთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მასპინძლებმა მალევე გაგვიტანეს, დასანანი გოლი გავუშვით. საერთო ჯამში, შეგვეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ალბათ უფრო გამოცდილება დაგვაკლდა. ძალიან საწყენია მარცხი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. იმედია, მომავალში კიდევ მოგვეცემა ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ“, - ციტირებს „საბურთალოს“ ვებგვერდი ნოზაძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „საბურთალო“ ბუქარესტში 2:4 დამარცხდა, არადა მე-80 წუთამდე ანგარიში 2:2 იყო. ორი მატჩის ჯამში ქართულმა გუნდმა 3:4 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. ამასთან, ქართული კლუბებიდან მხოლოდ ლაშა ნოზაძის გუნდმა მოახერხა ევროტურნირების მიმდინარე სეზონში ერთი ეტაპის დაძლევა.

0.11328