ფეხბურთი

23:35 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ივლისში დაიწყო და დასრულდა: "საბურთალომ" იბრძოლა, მაგრამ წააგო

2022-2023 წლების ევროსეზონი ივლისში დაიწყო და მაისში დასრულდება, მაგრამ ქართული კლუბებისთვის ივლისში დასრულდა.

საქართველოს ბოლო იმედი „საბურთალო“ იყო, რომელიც ბუქარესტის „სტიაუასთან“ დრამატულად დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

არადა, ლაშა ნოზაძის გუნდი მართლაც ახლოს იყო მიზანთან: ჯერ შინ 1:0 მოიგო და მართალია, სტუმრად 69-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, მაგრამ მაინც. თანაბარ პირველ ტაიმში რუმინელებმა იოსკიმ დავას გოლით იმარჯვეს, რომელმაც 44-ე წუთზე თავით გაიტანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. „სტიაუამ“ მეორე ტაიმის დასაწყისში მეორეც გაიტანა, ამჯერად ლევან კაკუბავას შეცდომით ეიოდუმამ ისარგებლა. მერე კი „საბურთალოს“ ჯერი დადგა, რომელმაც 69-ე წუთზე გურამ გოშთელიანის თავურით შეამცირა სხვაობა, ჯამში კი წონასწორობა აღადგინა.

ამას რუმინელთა შტურმი მოჰყვა, როდესაც თბილისელები სამჯერ სასწაულებრივ გადაურჩნენ გოლს. 77-ე წუთზე კი ნოზაძის გუნდმა საოცარი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც იური ტაბატაძის გოლით დასრულდა - 2:2.

13 წუთი რჩებოდა და „საბურთალო“ ძალიან ახლოს იყო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპთან, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მე-80 წუთზე კომანმა გაიტანა, ხოლო 87-ე წუთზე რადუნოვიჩის პენალტი გადამწყვეტი გამოდგა. პენალტი, რომელიც გიორგი ჯინჯოლავას მხრიდან თამაშის წესების დარღვევას მოჰყვა. არადა, იქამდე ჯინჯოლავა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ჯერ საგოლე პასი გააკეთა, მერე თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა... ასეა თუ ისე, „საბურთალომ“ ბუქარესტში 2:4, ორი მატჩის ჯამში კი 3:4 წააგო.

მთლიანობაში ერთადერთი ქართული გუნდი, რომელსაც ალბათ ვერ გავკიცხავთ, სწორედ „საბურთალოა“, რადგან ყველაზე ნაკლები მოლოდინი მისგან იყო. ამის მიუხედავად, ერთადერთი ქართული გუნდი იყო, რომელმაც ერთი ეტაპი მაინც გადალახა და ბუქარესტის „სტიაუა“ გაგდებამდე რამდენიმე წუთი, ძალიან ცოტა დააკლდა.

ზოგადად კი რეალობა საშინელია - ევროთასებზე საქართველოს წარმომადგენელი არ დარჩა.

„სტიაუა“ – „საბურთალო“ 4:2 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:3

ბუქარესტი, „ნაციონალ არენა“

„სტიაუა“ (4-2-3-1): ტორნოვანუ; ოვ. პოპესკუ, დავა, ტამი, რადუნოვიჩი; ედიოუმა (ლიქსანდრუ 88), ოლარუ; კორდეა, ოქ. პოპესკუ, კომანი (ოაიდა 88); სტოიცა (სუტი 59)

მწვრთნელი: ნიკოლაე დიკა

„საბურთალო“ (4-3-3): მეგრელიშვილი; გოჩოლეიშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ჯინჯოლავა; შ. ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 79), ქარდავა (მიოჩი 46), ლ. ნონიკაშვილი; გულიაშვილი (გოშთელიანი 62), სიხარულიძე, ტაბატაძე

მწვრთნელი: ლაშა ნოზაძე

გოლები: 1:0 დავა (44), 2:0 ეიოდუმა (55), 2:1 გოშთელიანი (69), 2:2 ტაბატაძე (78), 3:2 კომანი (80), 4:2 რადუნოვიჩი (87, პენ)

გაფრთხილება: კომანი (6), ოლარუ (32), ოქ. პოპესკუ (90) - ლ. ნონიკაშვილი (30), გოშთელიანი (80), ჯინჯოლავა (86), ჩადუნელი (90)

გაძევება: კორდეა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (12) – 9 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ჯონათან ლარდო (ბელგია)

0.164473