ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა 2023 წლამდე ვერ ითამაშოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია Gazzetta Dello Sport-მა გაავრცელა.
პოგბამ მენისკის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და თავიდან სიტუაცია სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებამ სხვა სურათი წარმოაჩინა.
ტურინელთა თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა რამდენიმე დღეში ოპერაციას, მაგრამ ოპერაციამდე კონსულტაციამ ისე არ ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. სიტუაცია უფრო სერიოზული ჩანს, ვიდრე მოსალოდნელი გახლდათ და გამოჯანმრთელების ვადა ორ თვეზე გაცილებით მეტია. ამიტომაც, მხარეებმა მოცდა გადაწყვიტეს.
ამ მიზეზით პოლი ტურინში დაბრუნდა, რათა „იუვენტუსის“ სტაფთან გაიაროს კონსულტაცია, სანამ საფრანგეთში გაემგზავრება სანდო ექიმთან კონსულტაციისთვის. არსებობს ორი გზა: ოპერაციის გარეშე მკურნალობა (მაგრამ რეციდივების უფრო დიდი რისკი) და აღდგენის ხანმოკლე დრო, დაახლოებით 1-2 თვე, ან ოპერაცია, რომელიც გაცილებით გაახანგრძლივებს მოედანზე მისი დაბრუნების დროს და 2023-წლამდე ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, პოლ პოგბა „იუვენტუსმა“ მიმდინარე ზაფხულს „მანჩესტერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიბრუნა და პრესეზონზე მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა.