გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ირწმუნება, რომ „ფერარი“ მზადაა. მხარი დაუჭიროს „რედ ბულს“, რომელიც მომავალი სეზონისთვის, ტექნიკურ რეგლამენტში შესწორების შეტანას ეწინააღმდეგება. აღნიშნული შესწორების მიზანია, გუნდებს ხტუნვის ეფექტთან ბრძოლის საშუალება მიეცეთ.
როგორც ცნობილია, ეს ეფექტი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ფორმულა 1-ში გრაუნდ ეფექტი (ნაწილობრივ) დაბრუნდა. თავის მხრივ, ამ ეფექტს ის გარემოება იწვევს, რომ ჩაჭიდების ძალას ძირითადად სარბოლო ავტომობილის ძირი გამოიმუშავებს.
ახალი აეროდინამიკური ძირის თავისებურება ისაა, რომ სწორ მონაკვეთებზე და სწრაფ მოსახვევებში, ჩაჭიდების დიდი ძალის წყალობით, ავტომობილის ძირსა და გზის საფარს შორის დაშორება მკვეთრად მცირდება, რაც ძირის ეფექტურობას ამცირებს. შედეგად, ჩაჭიდება მცირდება. ამას მოჰყვება დაშორების ზრდა იმ საწყის დონემდე, რომელზეც მაქსიმალური ჩაჭიდების გამომუშავება ხდება და პროცესი მანამ მეორდება, სანამ ავტომობილის სიჩქარე მაღალია.
ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება, რომ ავტომობილის უკანა ნაწილი, ერთგვარ ხტუნვებს ასრულებს, რაც მართვასაც აუარესებს და პილოტის ზურგზე დატვირთვას ზრდის. ეს კი ავტომობილის საშუალო სიჩქარეზე უარყოფითად აისახება.
ეს ეფექტი ყველა გუნდის ავტომობილზე მოქმედებს. მაგრამ ზოგზე მეტად, ზოგზე კი ნაკლებად. ეს კი, როგორც გაირკვა, ავტომობილის პროექტირებისას არჩეულ კონცეპციაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ, გუნდები ორ ნაწილად დაიყო.
ზოგმა გუნდმა აქცენტი მაღალი გრაუნდ ეფექტის მიღწევაზე გააკეთა, რისთვისაც ავტომობილის ძირი ზედაპირთან მაქსიმალურად მიაახლოვა. ასეთებს შორის არიან „მაკლარენი“ და „მერსედესი“. ყველაზე ექსტრემალური ვარიანტი კი ვერცხლისფერ ისრებს გამოუვიდათ.
ზოგმა გუნდმა კი გზიდან დაშორება პირიქით, გაზარდა და ჩაჭიდების ძალის კლების საკომპენსაციოდ, რადიატორების გარსშემოდენილი ფორმების მქონე კორპუსებით და ეგრეთ წოდებული ორმაგი ძირის სისტემით სცადა. ეს სწორედ მიმართულება აირჩიეს „ფერარიმ“ და „რედ ბულმა“.
რეგლამენტში შესწორების შეტანის შემთხვევაში, პირველ ჯგუფში შემავალ გუნდებს, კონცეპციის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემათ. როგორც ცნობილია, ახალი რეგლამენტი, მანქანის მოდიფიცირებას ზღუდავს. ეს კი მასშტაბური ცვლილების შესაძლებლობას არ იძლევა.
„რედ ბული“ და „ფერარი“ თვლიან, რომ მოქმედი რეგლამენტის გამოყენებით, ხტუნვის ეფექტთან ბრძოლა შესაძლებელია. შესაბამისად, „მერსედესმა“ მანქანის მოდიფიცირება, რეგლამენტის ფარგლებში უნდა სცადოს.
ამ ორი გუნდის პოზიციას, მათი პარტნიორები - „ალფატაური“, „ჰაასი“ და „ალფა რომეო“ იზიარებენ.