ფეხბურთი

0:39 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "სლოვანი" გავარდა, ლიეტუვის ჩემპიონმა "მალმიო" გააგდო, "ყარაბაღმა" - "ციურიხი"

ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრულ „ფერენცვაროშთან“ პირველი თამაში სტუმრად 2:1 მოიგო.

საპასუხო შეხვედრა ვლადიმირ ვაისის გუნდმა ძალიან ცუდად ჩაატარა და პირველივე ტაიმში 0:2 ჩამორჩა. სლოვაკებმა 70-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს და ორი მატჩის ჯამში სრული თანაფარდობა იყო. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ 89-ე და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე უნგრელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და 4:1 მოიგეს.

გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჯაბა კანკავა ბოლო წუთზე შეცვალეს, მან ყვითელი ბარათიც მიიღო. ვთქვათ ისიც, რომ მესამე გოლში ჯაბას მთლად იდეალურად არ უთამაშია. ამრიგად, „სლოვანი“ ასპარეზობას გამოეთიშა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პირეოსის "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“, რომელმაც ასპარეზობას შვეიცარიის ჩემპიონი „ციურიხი“ გამოთიშა. აზერბაიჯანელებმა პირველი მატჩი შინ 3:2 მოიგეს, ხოლო შვეიცარიაში 90 წუთში 1:2 წააგეს და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც „ყარაბაღმა“ ანგარიში გაათანაბრა, ორი მატჩის ჯამში კი 5:4 მოიგო. გუგეშაშვილი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარი სენსაცია კაუნასის „ჟალგირისს“ უკავშირდება, რომელმაც შვედეთის ჩემპიონი „მალმიო“ გააგდო. ლიეტუველებმა ჯერ შინ იმარჯვეს 1:0 და მეტოქეს გასვლაზეც აჯობეს - 2:0! ამრიგად, ლიეტუვის ჩემპიონი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა. ცნობისთვის, „მალმიო“ ხელწამოსაკრავი მეტოქე სულაც არაა, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იყო, სადაც „იუვენტუსის“, „ჩელსისა“ და „ზენიტის“ წინააღმდეგ ითამაშა.

კიევის „დინამომ“ სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო სტამბოლში გუნდებმა გოლები გაცვალეს - 1:1. შედეგად, დამატებით დრო დაინიშნა, სადაც 114-ე წუთზე კიეველებმა გაიტანეს და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხეს.

ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“ ერთი კვირის წინ „ლინფილდთან“ გასვლაზე 0:1 წააგო, მაგრამ ნორვეგიაში მეტოქე 8:0 გაანადგურა და ნორვეგიის ჩემპიონი მომდევნო ეტაპზე ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა პირეოსის "ოლიმპიაკოსი", რომელმაც შინ ჰაიფას "მაკაბისთან" 0:4, ორი მატჩის ჯამში კი 1:5 წააგო.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2-9 აგვისტოს გაიმართება და წყვილები ასეთია:

„მაკაბი“ (ისრაელი) – „აპოლონი“ (კვიპროსი)

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)

„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „დინამო“ (ხორვატია)

„შერიფი“ (მოლდოვა) – „პლზენი“ (ჩეხეთი)

„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია) – „ჟალგირისი“ (ლიეტუვა)

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) – „პიუნიკი“ (სომხეთი)

„მონაკო“ (საფრანგეთი) - პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)

„დინამო“ (უკრაინა) – „შტურმი“ (ავსტრია)

„უნიონ სენტ ჟილუა“ (ბელგია) – „რეინჯერსი“ (შოტლანდია)

„ბენფიკა“ (პორტუგალია) – „მიდტიულანდი“ (დანია)

0.115721