ამერიკის ქალაქ იუჯინში დასრულდა მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი. ტურნრის ბოლოს დღეს, 4X400 მეტრზე მამაკაცთა და ქალთა ესტაფეტების ფინალები გაიმართა და ორივე ამერიკელებმა მოიგეს.
ამერიკელები ორივე ესტაფეტაში უკვე რამდენიმე ჩემპიონატია, დომინირებენ. მამაკაცებს ბოლო ცხრა ჩემპიონატზე, ოქროს მედლები რვაჯერ აქვთ მოპოვებული, ბოლო 10 ოლიმპიადაზეც რვაჯერ. ქალები კი ზედიზედ მესამედ დაეუფლნენ ოქროს მედლებს.
ქალთა ოთხეულში, ფინალში არ უასპარეზია ელისონ ფელიქსს, ვინც განაცხადში საერთოდ არ იყო, მაგრამ ჰიტებში და ნახევარფინალში, გუნდში შეიყვანეს. ამის წყალობით კი მან მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-20 (დაუგეგმავი და თანაც, ოქროსი) მედალი მოიპოვა.
ამერიკელთა კვარტეტში, ბოლომ ესტაფეტა 400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიო რეკორდსმენმა და ჩემპიონმა, სიდნი მაკლაფლინმა მიიღო. და მან ფინიშთან თითქმის 20 მეტრით მიასწრო უახლოეს მდევარ იამაიკას. მესამე ადგილი კი ბრიტანეთმა დაიკავა.
ფინალში ჩემპიონთა ოთხეულში ირბინეს: მაკლაფლინმა, ტალითა დიგსმა, ები შტაინერმა და ბრაიტონ უილსონმა. ამერიკელ მამაკაც ჩემპიონთა კვარტეტში არიან: ბრაის დიდმონი, მაიკლ ნორმანი, ელაიჯა გოდვინი და ჩემპიონ ელისონი. ამათგან ბოლო ორი, 40 მეტრზე სპრინტში ოლიმპიური და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონი ნორმანი და ელისონი, გუნდს ფინალისთვის დაემატნენ.
მეორე ადგილი აქაც იამაიკის კვარტეტმ დაიკავა, ბრინჯაოს მედალს კი ბელგიის კვარტეტი დაეუფლა, რომელშიც დამამთავრებლის როლი წარმატებით შეასრულა ვეტერანმა კევინ ბორლეემ, ვისთვისაც ეს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონატი იყო. სხვათა შორის, ბელგიელები დოჰას მსოფლიო ჩემპიონატზეც ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
იტალიელმა მასიმო სტანომ ოქროს მედალი 35 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მოიპოვა. მან ფინიშთან მხოლოდ წამით მიასწრო იაპონელ მასატორა კავანოს. ამ ორმა ბოლო 4 კილომეტრი მხარდამხარ გაიარა. იტალიელი ბოლო 300 მეტრზე აჩქარდა და მართალია, მეტოქეც მიჰყვა, მაგრამ გასწრება ვეღარ შეძლო.
„ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, მაგრამ ამ გამარჯვების დაჯერება მიჭირს. ორ განსხვავებულ დისტანციაზე მოვიპოვე ოქროს მედლები. კავანომ შესანიშნავად იასპარეზა. ტემპის რამდენჯერმე შეცვლა დამჭირდა. მოკლედ, ძალიან დამღალა“, - განცხადა სტანომ, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე, ოქროს მედალს 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში დაეუფლა.
მამაკაცთა შორის ათჭიდში, ფრანგმა კევინ მაიერმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება შეინარჩუნა. ამაში მას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ ტრავმის გამო, ტურნირი ვერ დაასრულა კანადელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დამიან ვარნერმა.
30 წლის მაიერმა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 2017 წელს გახდა, ორჯერ კი ოლიმპიური ვერცხლი აქვს მოპოვებული, ჭოკით ხტომასა და შუბის ტყორცნში შესანიშნავად ასპარეზობის შემდეგ, მეექვსედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა.
ნორვეგიელმა იაკობ ინგებრიგტსენმა, ვინც 1 500 მეტრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 5 000 მეტრზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინიშამდე სამი წრით ადრე აუჩქარა ფეხს და ბოლომდე ახლოს არავინ გაიკარა. მაღალ ტემპს ვერ გაუძლო ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიო რეკორდსმენმა, უგანდელმა ჯოშუა ჩეპტეგეიმ, ვინც საბოლოოდ, მეცხრე ადგილს დასჯერდა. მეორე ადგილი კენიელმა იაკობ კროპმა დაიკავა, მესამეზე კი უგანდელი ოსკარ ჩელიმო გავიდა.
ქალთა შორის 800 მეტრზე ოქროს მედალს, ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი, ათინგ მუ დაეუფლა. 20 წლის მორბენალმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ბრიტანელი თანატოლი კილი ჰოჯკინსონი, ვინც ტოკიოშიც ოლიმპიურ ვერცხლს დასჯერდა. მუ ბოლო 300 მეტრზე აჩქარდა და ჰოჯკინსონი გაჰყვა.
ამერიკელმა სწორზე გასვლისას მცირე შეცდომა დაუშვა და თითქოს მეტოქეს გასწრების შესაძლებლობა მიეცა. მაგრამ მუმ მოახერხა წინ დარჩენა და მცირე უპირატესობა ფინიშამდე შეინარჩუნა. ბოლოს მათ შორის სხვაობა, სულ რაღაც, 0.31 წამი იყო. ბრინჯაოს მედალს კენიელი მარი მორაა დაეუფლა.
ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში კი მსოფლიო ჩემპიონის წოდება ზედიზედ მეორედ მოიპოვა გერმანელმა მალაიკა მიჰამბომ. მან ეს ბოლო ცდაზე შეძლო, როცა 7.12 მეტრზე გადახტა. მას პირველი ორი ცდა არ ჩაეთვალა, მაგრამ მესამეზე 6.98 მეტრი დააფიქსირა. მეოთხე ცდაზე შვიდ მეტრზე შორს გადახტა, საუკეთესო ნახტომი კი ბოლო ცდაზე შეასრულა.
ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიგერიელმა ესე ბრუმემ, ვინც მანამდე მსოფლიოს და ოლიმპიური ბრინჯაოს მედლების მფლობელი იყო. მისი საუკეთესო ნახტომი იყო 7.02 მეტრი. ბრინჯაოს მედალს კი ბრაზილიელი ლეტიცია ორო მელო (6.98 მეტრ მეტრი) დაეუფლა.