„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საიმონ ბენიომ და ანდრეს პრიეტომ კლუბი დატოვეს. ტოგოელ მცველს 28 ივლისს კონტრაქტი ეწურება, რომელიც არ განახლდება, ხოლო ესპანელ მეკარესთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ორივე ფეხბურთელი თანაგუნდელებს ვარჯიშზე დაემშვიდობა და მათ ემოციური სიტყვით მიმართეს.
„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას. მივდივარ, მაგრამ ვრჩები თქვენს გულშემატკივრად. ბიჭებო, „დინამო ბათუმთან“ ჩამორჩენა 9 ქულაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატის მოგება შეგიძლიათ. გაიხსენეთ, რომ 2 წლის წინაც 9 ქულას ვაგებდით. ვიცი, რომ პროფესიონალები ხართ და ყველაფერს გააკეთებთ ჩემპიონობისთვის. მე-19 ნომერი ვიყავი და მჯერა, რომ ჩემპიონები მე-19-ედ გახდებით. ახლა ჩემი წასვლის დროა, მადლობა ყველას, პერსონალს, ექიმებს და მასაჟისტებს. მადლობა მწვრთნელო, დიდი ხანი არ გვიმუშავია ერთად, თუმცა მადლობა ყველაფრისთვის“, - თქვა ბენიომ.
„თქვენთან ერთად მუშაობა დიდი პატივი იყო. ძალიან რთულია კარგი ადამიანების პოვნა, თქვენ კი ნამდვილად კარგი ადამიანები ხართ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ კლუბში მითამაშია, ასეთ კარგ ადამიანებთან კი არასდროს. მადლობა გია (ჭიაბრიშვილი - რედ) ნდობისთვის, მინდა, ყველაფერი საუკეთესო გისურვო. ვფიქრობ, რომ მასთან ერთად წარმატებული მომავალი გექნებათ. რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ ბიჭებო, არ მსურს ბევრი ლაპარაკი, რადგან ჩემთვის ნამდვილად სევდიანი დღეა. აქ ოჯახი შევიძინე და ძალიან მომენატრებით“, - აღნიშნა პრიეტომ.
ანდრეს პრიეტო “დინამო თბილისს” 2021 წლის აგვისტოში შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი “დინამოს” ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და 71 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ტოგოელი მცველმა “დინამოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.