ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ ბევრი რბოლაა, სეზონი ეკვატორს ახლახანს გადასცდა. მაგრამ ის, რაც დღეს, საფრანგეთის დიდი პრიზის რბოლის დროს მოხდა, შესაძლოა გადამწყვეტი მომენტი იყოს. „ფერარიმ“ და მისმა შარლ ლეკლერმა, 25 ქულა გაანიავეს. ეს ქულები მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა შეირგო, მაგრამ მთავარი ეს არაა.
მთავარი ისაა, რომ იტალიური გუნდი, ტექნიკური მიზეზებით, თუ შეცდომებით, მეტისმეტად ბევრ ქულას კარგავს. ეს კი ტიტულისთვის ბრძოლის დროს ზედმეტი ფუფუნებაა. ამ ქულებს ალბათ სეზონის ბოლოს დანანებით დაითვლიან - ფ1-ში ეს ხშირად ხდება.
რბოლის მიწურულს, „ფერარი“ და მისი ფანობა, კარლოს საინსმა გამოაცოცხლა, რომელმაც შესანიშნავი მანევრით (მეტოქის შეცდომითაც ისარგებლა), სერხიო პერესს გაასწრო და... მალევე ბოქსებში შეუხვია, საბურავების მეორედ გამოსაცვლელად. მოკლედ, კვარცხლბეკის ზეიმმა მარანელოელთა გარეშე, ხარების და ვერცხლისფერი ისრების მონაწილეობით ჩაიარა. „მერსედესმა“ კვარცხლბეკზე ორი საფეხური, ამ სეზონში პირველად დაიკავა. თავისი მე-300 რბოლა მეორე ადგილზე დაასულა ლუის ჰამილტონმა
ფერსტაპენმა ამ სეზონში მეშვიდე, კარიერაში კი 27-ე რბოლა მოიგო, რითაც სერ ჯეკი სტიუარტს გაუტოლდა. ამ მოგებით, მან მეორეზე მყოფი ლეკლერი 63 ქულით ჩამოიტოვა. ეს კი ორ მოგებაზე მეტია.
რბოლის შემდეგ ფერსტაპენმა განაცხადა, რომ პაპანაქება სიცხის გამო, საბურავები სწრაფად ცხელდებოდა, რაც მას ლეკლერის გასწრების საშუალებას არ აძლევდა. მონაკოელმა პოულის უპირატესობა სტარტზე კარგად გამოიყენა და 1 წრე პელოტონის სათავეში გაატარა. ფერსტაპენს სწორზე ჰქონდა უპირატესობა, ლეკლერი კი მოსახვევებში უფრო სწრაფი იყო. მაგრამ სწორედ (მე-11) მოსახვევში შეცდა და რბოლა დამცავ ზღუდესთან შეჯახებით დაასრულა.
უფრო ადრე, ფერსტაპენს რეზინი შეუცვალეს. ლეკლერმა ეს ვერ მოასწრო. არადა, მისი შეცდომის მიზეზი, სწორედ გაცვეთილი საბურავები იყო. ასეა თუ ისე, მან გამარჯვების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.
რბოლის მიწურულს, საინსის გარდა, პერესი ჯორჯ რასელმაც დაჩაგრა. ეს მაშინ მოხდა, როდსაც ტრასაზე უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი დასრულდა. პერესს რეაგირება დაუგვიანდა, რასელმა კი მწვანე შუქის ანთებისთანვე გაზარდა ტემპი და წამში მეტოქე უკან მოიტოვა...
საფრანგეთის დიდი პრიზი
პოლ რიკარი, დისტანცია 309.690 კმ (5.842 კმ, 53 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) -
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 10.587
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 16.495
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 17.310
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 28.872
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 42.879
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 52.026
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 56.959
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'00.372
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'02.549
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'04.494
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'05.448
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1'08.565
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'16.666
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'20.394
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 6 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 13 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 16 წრე
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 36 წრე
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 36 წრე
უსწრაფესი წრე: კარლოს საინსი - 1:35.781 (51-ე წრე, 219.575 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 233 ქულა; 2. შარლ ლეკლერი - 170; 3. სერხიო პერესი - 163; 4. კარლოს საინსი - 144; 5. ჯორჯ რასელი - 143; 6. ლუის ჰამილტონი - 127; 7. ლანდო ნორისი - 70; 8. ესტებან ოკონი - 56; 9. ვალტერი ბოტასი - 46; 10. ფერნანდო ალონსო - 37; 11. კევინ მაგნუსენი - 22; 12. დანიელ რიკარდო - 19; 13. პიერ გასლი - 16; 14. სებასტიან ფეტელი - 15; 15. მიკ შუმახერი - 12; 16. იუკი ცუნოდა - 11; 17. გუანიუ ჟოუ - 5; 18. ლანს სტროლი - 4; 19. ალექს ელბონი - 3; 20-21. ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბული - 396 ქულა; 2. ფერარი - 314; 3. მერსედესი - 270; 4. ალპინ-რენო - 93; 5. მაკლარენ-მერსედესი - 89; 6. ალფა რომეო-ფერარი - 51; 7. ჰაას-ფერარი - 34; 8. ალფატაური-რედ ბული - 27; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 19; 10. უილიამს-მერსედესი - 3.