„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის კასტელ დი სანგროში ემზადება და დღევანდელ საღამოს ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა. ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ ლუჩანო სპალეტიმ ვიქტორ ოსიმენი ვარჯიშიდან გააძევა.
კამათი ზამბო ანგისას მხრიდან ლეო ოსტიგარზე უხეში თამაშით დაიწყო, რის შედეგადაც, ნორვეგიელმა ბურთი დაკარგა და კონტრშეტევა გოლით ელიფ ელმასმა დაასრულა. ოსიმენმა თავისი გუნდის სასარგებლოდ კი ჯარიმის დანიშვნა მოითხოვა, რის გამოც ანგისასთან შელაპარაკება მოუვიდა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ საქმეში სპალეტი ჩაერია, რომელმაც ვარჯიში გაცხარებულ ოსიმენს დაატოვებინა და თამაშში მის ნაცვლად ჯუზეპე ამბროზინო ჩართო.
"ბევრს ლაპარაკობ, წადი და შხაპი მიიღე", - უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა ნიგერიელ თავდამსხმელს, რომელმაც საწვრთნელი პროცესი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში 6 აგვისტომდე დარჩება, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ნეაპოლელთა პირველი მეტოქე 27 ივლისს, „ადანა დემირსპორი“ იქნება.