„ნაპოლიმ“ სამდღიანი პაუზის შემდეგ 2022-2023 წლების სეზონისთვის მზადება განაახლა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა დიმაროდან კასტელ დი სანგროში გადაინაცვლა, სადაც დღეს პირველი ვარჯიში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ საწვრთნელი პროცესი გულშემატკივრებისთვისაც ღია იყო. ნეაპოლურმა გუნდმა ახალი ეკიპირებით ივარჯიშა, მანამდე გუნდი შარშანდელი ფორმებით ემზადებოდა.
ვარჯიშის ბოლო ნაწილში სპალეტიმ გუნდი ორ ნაწილად გაყო და ორმხრივი თამაში გაიმართა - ლურჯები ყვითლების წინააღმდეგ. ხვიჩა ყვითელ გუნდში იყო, რომელიც 2:5 დამარცხდა და ქართველს გოლი არ გაუტანია.
„ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში 6 აგვისტომდე მოემზადება და ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი 27 ივლისს, თურქულ „ადანა დემირსპორს“ შეხვდება, ხოლო შემდეგ ესპანურ კლუბებს გაეჯიბრება - „მალიორკას“ (31 ივლისი), „ჟირონას“ (3 აგვისტო) და „ესპანიოლს“ (6 აგვისტოს).
აქვე გეტყვით, რომ სერია A-ს პირველ ტურში ნეაპოლელები 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდებიან.






