დანიელმა იონას ვინგეგაარდმა, ტურ დე ფრანსზე გამარჯვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის ფრანგული დიდი რბოლის ჩემპიონის წოდებას კვირას გაინაღდებს.
„ჯუმბო-ვისმას“ 25 წლის მრბოლმა დღევანდელი, მე-20 ეტაპი - დროზე ინდვიდუალური რბოლა, მეორე ადგილზე დაასრულა. რაც მთავარია, უკან ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტი, ტურის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი.
40.7-კილომერტრიანი ინდივიდუალური რბოლა ასევე „ჯუმბო-ვისმას“ ველომრბოლმა, ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა მოიგო, ვინც ფინიშს 47 წუთსა და 59 წამში მიაღწია. მას 19 წამით ჩამორჩა ვინგეგაარდი, ვინც ერთ მოსახვევში გზიდან გადავიდა, მაგრამ თავის ველოსიპეგზე კონტროლი არ დაუკარგავს და საბოლოოდ, პოგაჩარზე 8 წამით უკეთესი დრო დააფიქსირა. პოგაჩარი მესამე ადგილს დასჯერდა.
ამგვარად, ბოლო სააღლუმე ეტაპის წინ, დანიელი ჯერაც მოქმედ ჩემპიონს 3 წუთს და 34 წამს უგებს, რისი ამოქაჩვაც, ფანტასტიკის ჟანრიდანაა. მესამე ადგილზეა ტურის ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი გერეინ თომასი.
ვინგეგაარდმა ლიდერობა მე-10 ეტაპზე იგდო ხელთ, რომელზეც მისმა თანაგუნდელებმა, არაერთი შეტევით, ჯერ პოგაჩარი მოღალეს, მერე კი, როდესაც ვინგეგაარდმა ბოლო აღმართზე აუჩქარა ფეხს, სლოვენიელს საპასუხოდ ძალა აღარ ჰქონდა. დანიელმა ლიდერობა ბოლო სამთო ეტაპის მოგებით განიმტკიცა და დროზე რბოლის წინ, მისი უპირატესობა უკვე სამ წუტზე მეტი იყო.
აღსანიშნავია, რომ „ჯუმბო-ვისმას“ ველომრბოლებმა, მიმდინარე ტურზე ყველაზე მეტი - ექვსი ეტაპი მოიგეს. მათგან სამი უნივერსალი ვან აერტის ანგარიშზეა, ორი ვინგეგაარდმა მოიგო, ერთი კი - მე-19 სპრინტერული ეტაპი, ფრანგი კრისტოფ ლაპორტის ანგარიშზეა. ყველაფერთან ერთად, ვან აერტმა პრაქტიკულად გაინაღდა გამარჯვება სპრინტის (მწვანე მაისური) ჩათვლაში.