სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „ტრენჩინი“ 4:0 დაამარცხა და ფორტუნა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო.
„სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის გამო გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და გურამ კაშია განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო ჯაბა კანკავამ მხოლოდ ბოლო 15 წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საგოლე პასი გააკეთა და გატანაში იურაი კუცკას დაეხმარა, რომელიც ასევე შეცვლაზე ჩაერთო თამაშში. ძირითადში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მოედანზე 68-ე წუთამდე გახლდათ.
„სლოვანს“ ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 30 ივლისს, „მიჰალოვცეს“ სტუმრად შეხვდება. თუმცა, მანამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს, რომელიც გასვლაზე 2:1 ჰყავს დამარცხებული.