იტალიის სერია A-ს დებიუტანტი „მონცა“ ახალ სეზონში დიდ მიზნებს ისახავს. ყოველშემთხვევაში მისი კალიბრისთვის - კლუბის გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ არ დამალა, რომ მიზანი არა ადგილის შენარჩუნება, არამედ მინიმუმ ათეულში მოხვედრა იქნება.
„მონცა“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურია და ბოლო ორ დღეში ორი ფეხბურთელი დაიმატა. „იუვენტუსიდან“ 21 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი ანდრეა რანოკია ინათხოვრა, ხოლო „ვერონადან“ გამოცდილი ფორვარდი ჯანლუკა კაპრარი დაიმატა.
სილვიო ბერლუსკონის მფლობელობაში გუნდმა მანამდეც არაერთი ტრანსფერი გაჩარხა, თანაც ხმაურიანი. მაგალითად, ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა, რომლებიც ან ახლა თამაშობენ იტალიის ნაკრებში, ან უთამაშიათ - სტეფანო სენსი, ანდრეა რანოკია, ალესიო კრანიო და მატეო პესინა.
თუმცა, „მონცა“ ამაზე გაჩერებასაც არ აპირებს. იტალიური მედია იტყობინება, რომ გალიანი მორიგ ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და სევილიის „ბეტისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. სამიზნე ანდალუსიელთა და პორტუგალიის ნაკრების გამოცდილი ნახევარმცველი უილიამ კარვალიოა. ვთქვათ ისიც, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია "ნაპოლიდან" ანდრეა პეტანიას ტრანსფერიც.
შეგახსენებთ, რომ „მონცამ“ გასულ სეზონში სერია B-ში მესამე ადგილი დაიკავა და სერია A-ში ისტორიაში პირველად აღზევდა.