ფეხბურთი

0:07 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლეხის" მწვრთნელი: "ისე ვითამაშეთ, როგორც ჩემპიონს შეეფერებოდა"

პოზნანის „ლეხის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა „დინამო ბათუმთან“ 5:0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მთელი პოლონეთი ამაყობს ჩემპიონის თამაშით.

„ბოლოს და ბოლოს ისე ვითამაშეთ, როგორც ჩემპიონს შეეფერებოდა. ყველაფერი კარგად გამოვიდა და ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, შემიძლია ფეხბურთელები შევაქო. ამ ამინდში თამაში ადვილი არ იყო, რადგან ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან მაღალი ტემპერატურა გახლდათ. ვფიქრობ, მთელი პოლონეთი კმაყოფილია ჩემპიონის თამაშით. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდური სულისკვეთების რწმენამ შედეგი გამოიღო და ფეხბურთელებმა იმედი გამიცრუეს“, - თქვა ვან დენ ბრომმა.

მწვრთნელის გარდა, „დინამო ბათუმთან“ შეხვედრა „ლეხის“ ფეხბურთელებმაც შეაფასეს, რომლებიც მეტოქისგან უფრო დიდ კონკურენციას ელოდნენ:

„ჩვენთვის თამაში ადვილი არ იყო, ბოლო ორი წარუმატებელი კვირის შემდეგ შესაბამისი რეაქცია გვჭირდებოდა და ეს გასახდელში ვიგრძენით. დღეს მნიშვნელოვანი გამოცდა გვქონდა, რომლის ჩაბარებაც ჩვენი გულშემატკივრებისთვისაც ძალიან გვინდოდა, რათა კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ კარგი გუნდი ვართ. ტექნიკურად კარგი მეტოქე გვყავდა, ეს თურქეთში მის წინააღმდეგ გამართულ სპარინგში ვნახეთ. ვიცოდით, როგორ ითამაშებდნენ და პირველივე წუთებიდან ვცდილობდით აგრესიულები ვყოფილიყავით. ჩვენც შესაბამისად მივუდექით თამაშს და მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნაში ხელი შევუშალეთ“, - თქვა ბარი დუგლასმა.

„ეს თამაში ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო, გოლი სწრაფად გავიტანეთ და ამის შემდეგ არ გავჩერებულვართ. ბევრი მომენტი შევქმენით, შორიდან ხშირად ვურტყამდით და გონივრულად ვთამაშობდით. ანალიზის წყალობით მეტოქე კარგად შევისწავლეთ, მაგრამ ველოდით, რომ უფრო რთული დუელი გვექნებოდა. მეოცე წუთისთვის მოედანზე უკვე ბევრი თავისუფალი სივრცე დავინახეთ და ეს საკმაოდ კარგად გამოვიყენეთ. „დინამოს“ მცველების ზურგს უკან გრძელ პასებს ვაკეთებდით და ესეც კარგი გამოსავალი იყო“, - აღნიშნა მიხალ სკორაშმა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, „დინამო ბათუმისა“ და „ლეხის“ საპასუხო მატჩი 28 ივლისს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.

0.114779